მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში წყალდიდობის შედეგად ფერმერებს €1.5 მილიარდის ზარალი მიადგათ

646b689f42074
სალომე ხიდურელი
22.05.23 23:00
640
გასულ კვირას იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მომხდარ წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 36 000 ადამიანზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

36-საათიანმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ მდინარეების კალაპოტიდან ამოსვლა გამოიწვია, დაიტბორა ქუჩები და სახლები. მეცნიერების შეფასებით, 15-16 მაისს მოსული ნალექი, ჩვეულებრივ, 6 თვის რაოდენობას აღემატება.

წყალდიდობის გამომწვევ მიზეზების მოკვლევა უკვე დაწყებულია იმის განსასაზღვრად, თუ რა გავლენა აქვს სტიქიურ უბედურებაზე კლიმატის ცვილელბას. თუმცა ცალსახაა, რომ ატმოსფეროში CO2-ის გაზრდილი კონცენტრაცია უფრო და უფრო ხშირად ხდება ექსტრემალურ ამინდის გამომწვევი. მკვეთრი ცვლილებები მშრალ და სველ ამინდებს შორის კი სწრაფად მზარდი და ინტენსიურია.

ახალი კვლევის თანახმად, ორწლიანმა მწვავე გვალვამ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში, კერძოდ ემილია-რომანიაში, ნიადაგის წყლის შეწოვის უნარი შეამცირა. როგორც წესი, ალპებსა და აპენინში თოვლის დნობა ცხელ სეზონებში ნიადაგში წყლის სტაბილურ დენას უზრუნველყოფს, თუმცა გვალვამ წყალგაუვალი ნიადაგი შექმნა.

იტალიელი გარემოს დაცვის აქტივისტები ხელისუფლებას მსგავსი სიტუაციისთვის მოუმზადებლობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ინტენსიური ექსტრემალური მოვლენების გამო ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეში დგას, კლიმატის ცვლილება კი გარემოსა და ეკონომიკას ერთნაირად ვნებს.

კვირას, 21 მაისს, კლიმატის აქტივისტებმა რომის ტრევის შადრევანში შავი საღებავი ჩაასხეს გზავნილით: “ემილია-რომანას წყალდიდობა გაფრთხილება იყო”.

თუმცა, ამავე დროს, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქუჩების დატბორვის მიზეზი არა კლიმატის ცვლილება, არამედ ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ემილია-რომანიას გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტის განმარტებით, მდინარეების აუზის მონიტორინგისთვის ქვეყანაში კადრების ნაკლებობაა, არაეფექტურმა ფორესტიზაციამ კი წყლის კასკადების პრევენციული ეფექტები შეამცირა.

კლიმატის ცვლილება თუ გაუმართავი ინფრასტრუქტურა - წყალდიდობას რეგიონის აგრიკულტურაზე ხანგრძლივი დამაზიანებელი შედეგები აქვს. დაიტბორა 5000-ზე მეტი ფერმა, მარცვლეულის, სიმინდისა და ხილის წარმოება კი შეფერხდა. საწყის ეტაპზე ზარალი €1.5 მილიარდს აღწევს, თუმცა საბოლოო რიცხვი ცნობილი არ იქნება, ვიდრე წყლის დონე ბოლომდე არ დაიწევს.

წყალდიდობამ გაანადგურა არა მხოლოდ წლევანდელი მოსავალი, არამედ ნავარაუდებია, რომ მცენარეების ფესვების დაზიანების გამო მომავალი წლებიც უნაყოფოდ ჩაივლის. ზარალი განსაკუთრებით მაღალია ხორბლის მოსავალზე, 400 მილიონი კილო მარცვლეული სრულად განადგურდა. ემილია-რომანიას რეგიონი იტალიის ხორბლის ⅓ -ს გამოიმუშავებს, შესაბამისად, მსგავსი სტიქია ყოველდღიურ პროდუქტებზე, პურსა და პასტაზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

ემილირა-რომანია იტალიის ხილის მწარმოებელი ერთ-ერთი მთავარი რეგიონია და ყოველწლიურად 10 მილიონ ტონაზე მეტ პროდუქტს აწარმოებს. აგრიკულტურულ სექტორში რეგიონში 65 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.