10.მარტი .2020 13:17

იტალიიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები 14 დღით სავალდებულო კარანტინს გაივლიან

views 319
უკან

იტალიიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები 14 დღით სავალდებულო კარანტინს გაივლიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებულად ახორციელებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდები იტალიაში უკვე გაგზავნილია და საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

„იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ დეტალური შემოწმება, რის შემდეგაც ისინი 14 დღით სავალდებულო კარანტინს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად გაივლიან“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა