მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიურ – ქართული ინვესტიციით საქართველოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

60697d0b768a9
თათია კაკიაშვილი
04.04.21 16:30
5137

იტალიურ – ქართული ინვესტიციით საქართველოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია. იტალიურ მხარეს წარმოადგენს ლოკოკინების "იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი ჯოვანი ავანინა, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოს 1-3 აპრილის ჩათვლით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მან ქართულ ჯგუფთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას. ახალი საწარმოს ადგილმდებარეობა, ასევე, მასში ჩადებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია მოგვანებით გახდება ცნობილი.

მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტის შედეგად შეიქმნა კომპანია – ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაცია კავკასიაში – აღნიშნული საწარმოს ქართველი დამფუძნებლები არიან: გია ბაზღაძე (კავეას ხელმძღვანელი, EY დამფუძნებელი საქართველოში), ზურა ნიკვაშვილი (Head of tax and legal EY), გრიგოლ სიდამონიძე (Head of Tax and Law at PKF KAIZEN GEORGIA), ამერიკაში მცხოვრები  ქართველი ბიზნესმენი კობა ბუთურიშვილი და ახალგაზრდა ბიზნესმენი, კომპანიის მთავარი მეწილე და დირექტორი გიორგი ქადაგიძე.

საქართველოში საკუთარი გეგმების შესახებ "იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი ჯოვანი ავანინა ექსკლუზიურად გადაცემა "Forbes კვირას" ესაუბრა.

„მსოფლიოში ლოკოკინის ხორცის და ლორწოს გასაღების პოტენციალი ძალიან მაღალია. მსოფლიო ბაზარი მზადაა, მიიღოს ნებისმიერი რაოდენობის ლოკოკინის ხორცი და ლორწო. მთავარია, ისინი დამზადებული იყოს იმ კრიტერიუმების და სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო წესებით არის შემუშავებული. მე ვფიქრობ, რომ კომპანიას, რომელიც საქართველოში დაფუძნდა, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. პროდუქციის გასაღების პრობლემა არ იარსებებს, ერთი პრობლემა, რაც შეიძლება არსებობდეს, ეს ხარისხია“ , - განაცხადა ჯოვანი ავანინამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ლოკოკინის ხორცის და ლორწოს ხარისხი მაღალი იყოს, საჭიროა მისი მოყვანა-დამუშავება ლოკოკინის მოშენების იმ სისტემით წარიმართოს, რომელიც ჯოვანი ავანინამ ექსკლუზიურად შექმნა და დღემდე იყენებს.

ავანინა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, კლიმატური პირობების და იაფი მუშახელის გამო, ბიზნესის წარმატებულად მართვის უდიდესი პოტენციალი აქვს და ქვეყანას შეუძლია, ლოკოკინების ექსპორტის მიმართულებით მსოფლიოს ერთერთი ლიდერი ქვეყანა გახდეს.

როგორც ახალი კომპანიის დამფუძნებლები მიუთითებენ, ლოკოკინის ხორცზე და ლორწოზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა. მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპორტიორები კი არიან - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია და ა.შ. მათივე ცნობით, უდიდესი მოთხოვნის გამო მსოფლიოს ბაზარზე ლოკოკინის ხორცის 40%-იანი დეფიციტია.

აღსანიშნავია, რომ ჯოვანი ავანინამ 1973 წელს პირველმა შექმნა ლოკოკინების ფერმაში გაზრდის მეთოდი, რომელიც დღეს მსოფლიოში ცნობილია როგორც იტალიური მეთოდი. 2004 წელს კი მან დონატელა ვერონთან ერთად ასევე პირველმა შექმნა ლოკოკინის ლორწოს საწარმო მანქანა.