24.აგვისტო .2019 00:10

იუანი რეკორდულად დაეცა

views 1024
უკან

აშშ-თან გადაუჭრელი საბაჟო დავის ფონზე, ჩინეთის ეროვნული ვალუტა ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, იუანი დოლართან მიმართებაში პარასკევს დამატებით 0.15 პროცენტით გაუფასურდა და ამ დროისათვის, 1 დოლარის ღირებულება 7.0992 იუანით განისაზღვრა.

როგორც ანალიტიკოსები და ბაზრის დამკვირვებლები განმარტავენ, იუანის სისუსტე ერთის მხრივ ასახავს ჩინეთის ეკონომიკის სუსტ მდგომარეობას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ჩინურ ტაქტიკას უნდა მიუთითებდეს აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პეკინი ვალუტის დევალვაციას მსოფლიო ბაზარზე ჩინური საქონლის კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.

შტატებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავაჭრო დავა უკვე რამენიმე თვეა გრძელდება. მხარეებს შორის სავაჭრო გარიგების იმედი მას შემდეგ გაქრა, რაც თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა პირველ აგვისტოს დააანონსა, რომ იგი ჩინურ პროდუქციაზე დამატებით საბაჟო ტარიფების დაწესებას გეგმავს. ამ განცხადების შემდეგ ჩინურმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო და მას შემდეგ მთლიანობაში იუანი დოლართან მიმართებაში 2.8 პროცენტით არის გაუფასურებული.