მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სააღსრულებო თემატიკის თაობაზე აღსრულების სამართლის საერთაშორისო ექსპერტს შეხვდნენ

5daef4627e3cf
BM.GE
22.10.19 17:00
862
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სააღსრულებო თემატიკის თაობაზე, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, აღსრულების სამართლის საერთაშორისო ექსპერტს, ადრიანუს (იოს) უიტდეჰააგს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა „აღსრულების კოდექსის“ პროექტის ვერსიაზე, რომელიც შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

პროექტის თანახმად, აღსრულების კოდექსი აწესრიგებს აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების, საქართველოს აღმასრულებელთა პალატის მოწყობისა და ფუნქციონირების წესს, აღმასრულებელთა სტატუსსა და საქმიანობის წესს, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს. კანონპროექტით ყალიბდება აღსრულების სრულიად ახალი სისტემა.

აღსრულების კოდექსის პროექტის პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი იყო ის ძირეული სისტემური ცვლილებები, რომლის განხორციელებაც იგეგმება და ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ახალ მომსახურებას შესთავაზებს აღსრულების ეროვნული ბიურო მომხმარებელს.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.