18.ნოემბერი .2019 21:18

იურისტი სესხების გაცემასთან დაკავშირებით კანონში არსებულ ბუნდოვანებაზე საუბრობს

views 182
უკან

იურისტ დავით კლდიაშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ხელისუფლება ისეთ ურთიერთგამომრიცხავ კანონებს იღებს, რომელიც ქვეყანაში რეალური ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს. კლდიაშვილი ფიქრობს, რომ რეგულაციები, რომლებიც წესით მომხმარებლების უფლებებს უნდა იცავდეს, პრაქტიკაში მათ ფინანსურ ტვირთს ზრდის. ამ პროცესში კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ნაკლებობაა, რის გამოც ისინი საკუთარი უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფენ.

"გვაქვს ორი რეგულაცია - პირველი ის, რომ 200 ათას ლარამდე სესხი არ შეიძლება აიღო ბანკში და განვადებას თუ იღებ სამშენებლო კომპანიისაგან იმ შემთხვევაში, თუ 200 ათას ლარამდეა ბინის ღირებულება, არ შეიძლება ეს განვადება იყოს დაფიქსირებული დოლარში. არცერთ სამშენებლო კომპანიას არ შეუძლია აწიოს სავალუტო რისკი, მეორე მხრივ, არცერთ სამშენებლო კომპანიას არ აქვს უფლება კლიენტს შესთავაზოს უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი განვადება, ამიტომ იძულებულია, მოხმარებელი წავიდეს ბანკში და პროცენტიანი სესხით უზრუნველყოს გადახდების განხორციელება ბანკში. ეს ერთი მხარეა და მეორე - ეს არის კანონის ჩანაწერის ბუნდოვანება.

სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, სადაც წერია, რომ თუკი ხდება განვადებით გაყიდვა უძრავი ნივთის, არ შეიძლება 200 ათას ლარამდე თუა ნივთის ღირებულება, მისი დროში გადანაწილება მოხდეს და დოლარზე იყოს მიბმული. ამ მუხლში თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ იურისტები ვაქცევთ ყურადღებას მეორე მუხლსაც, რომელშიც წერია, რომ განვადება ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუკი უძრავი ქონება არის გადაცემული მომხმარებლისათვის. მოდიან ინვესტორები, მშენებლები და მეკითხებიან შეიძლება თუ არა მე არ გადავცე ნივთი და ისე დოლარში გავაკეთო განვადება? ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელზეც მე იურისტი პასუხს ვერ ვცემ, მივდივარ მარეგულირებელთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რომელმაც ჯარიმა უნდა შემიფარდოს და ისიც მეუბნება, რომ მასაც არ აქვს პასუხი;

რომ გავამარტივო, ხართ ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ბიზნესსს დაწყება და აინტერესებს ესა თუ ის ქმედება დაჯარიმებას გამოიწვევს თუ არა და ქვეყანაში, დაწყებული პროფესიონალი იურისტებისგან, დამთავრებული მარეგულირებლით, პასუხს ვერავინ სცემს. ასეთ აბსურდის თეატრში არის ადამიანი, რომელსაც უნდა 10 მლნ ჩადოს და ქვეყნის მასშტაბით პასუხის გამცემი არ არსებობს. მე გეკითხებით თქვენც და მაყურებელსაც, თქვენ დაიწყებდით ბიზნესს ასეთ მოცემულობაში? ეს თითქოს პატარა პრობლემაა, მაგრამ სინამდვილეში შეფერხებებს იწვევს", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში კლდიაშვილმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის ბოლოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი.