20.სექტემბერი .2021 14:06

იუსტიციის სამინისტრო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავებაზე 50 მილიონს დახარჯავს

იუსტიციის სამინისტრო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავებაზე 50 მილიონს დახარჯავს
views 368
უკან

საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მთავრობის საერთაშორისო დავების დაფინანსება წელს მოსალოდნელზე ძვირი დაუჯდებათ. იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი განცხადების მიხედვით, უწყება ითხოვს ნებართვას 50 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში მთავრობის იურისტების დაქირავებისთვისაა აუცილებელი.

“საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად 2021 წლის 26 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში, ქვეპროგრამაში – „არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა“ – არსებულ 17 730 000 ლარს დაემატა 60 000 000 ლარი. იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 2021 წელს იანვრიდან დღემდე ანაზღაურებულია 29 873 394.50 ლარი, თუმცა მითითებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გრძელდება წლის ბოლომდე და, სავარაუდოდ, იმოქმედებს მომდევნო წელსაც. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, წლის ბოლომდე ანაზღაურებისთვის და, ასევე, 2021 წელს, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ზემოდასახელებული მომსახურებების შესყიდვის უზრუნველსაყოფად სავარაუდო თანხა შეადგენს 50 000 000 ლარს", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

დღეს საქართველოს მთავრობა არაერთ საერთაშორისო დავაში არის ჩართული. პროცესები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში (ICSID), ჰააგაში მდებარე მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში, ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალში.

საინვესტიციო დავებს შორის, რომლებიც ამ სასამართლოებში განიხილება, არის ორი მიმდინარე დავა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით - მათ შორის პირველი სარჩელის ავტორია უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, მეორე დავის სარჩელის ავტორი კი პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი ბობ მეიერია. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის საარბიტრაჟო ტრიბუნალში 2020 წელს შეიტანა სარჩელი "კავკასუს ონლაინის" ახალმა მესაკუთრემ Neqsol Holding-მა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას აპროტესტებს. საარბიტრაჟო სასამართლოში ამ დრომდე არ დასრულებულა რამდენიმე წლის წინ Inter Rao-ს მიერ დაწყებული დავა გარდაბნის თბოსადგურისთვის სატარიფო პოლიტიკით მიყენებული ზარალის შესახებ. ასევე მიმდინარეა დავა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბიზნეს ჯგუფთანაც.

თითოეულ ამ საქმეზე საქართველოს მთავრობას უცხოელი და ადგილობრივი იურისტები ჰყავს დაქირავებული, რომელთა ჰონორარებიც ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა