მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრო Inter Rao-სთან $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავის წაგებას ადასტურებს

61a7457042600
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.21 13:52
2719
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა.  

საქართველოს მთავრობა ფაქტს ადასტურებს. იუსტციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

"სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც "ინტერ რაოს" ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. "ინტერ-რაო" ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რას შეეხებოდა დავა?

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან, ჯერ კიდევ 2008 წელს ხმრამჰესის მათ საკუთრებაში გადაცემის დროს გააფორმა. 

დავის შინაარსი საკურსო სხვაობით მიყენებულ ზარალს უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისიწნებს, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თუმცაღა კომპანია დავობდა, რომ აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებით, საქართველოს უნდა მოეხდინა კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება, გაითვალისწინოს საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საჭიროება და აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი.

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ 2014 წლის შემდეგ აშშ დოლართან ღირებულების 80%-ზე მეტი დაკარგა. უკვე 2016 წელს Inter Rao-ს ჰოლანდიური შვილობილები მიუთითებდნენ, რომ კურსის გაუფასურების ტარიფში არ ასახვით სახელმწიფო მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს ზიანს აყენებდა და რომ ეს 2003 წელს გაფორმებულ ნასყიდობის შეთანხმებასთან და 2013 წელს გაფორმებულ მემორანდუმთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

სწორედ ამ დოკუმენტების გათვალისწინებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა Inter Rao-ს პოზიციები გაიზიარა და საქართველოს რუსული ენერგოგიგანტის სასარგებლოდ $80 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა.

დავაში საქართველოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტრო და იურიდიული ფირმა White & Case იცავდა, რუსულ ენერგოკომპანიას კი Freshfields Bruckhaus Deringer-ი და Dentons-ი წარმოადგენდნენ.