მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრო საარბიტრაჟო დავებისთვის 40 მლნ ლარად იურისტებს დაიქირავებს

61c48eeda7717
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.21 19:43
1068
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს განაცხადი გამარტივებული წესით იურიდიული მომსახურების შესყიდვის თაობაზე. სამინისტრო საარბიტრაჟო და საერთაშორისო დავებში მონაწილეობისთვის იურიდიულ და სხვა მომსახურებებს 40 მილიონ ლარად შეიძენს. ამ კონტრაქტების ხანგრძლივობა 1 წელი იქნება.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ამ მომსახურებების შეძენა უტენდეროდ, გამარტივებული წესით მოხდება იმიტომ, რომ ამ პროცესში იურისტების და სხვა ჩართული კომპანიების ტენდერის გზით აყვანა პროცესებს დროში დააყოვნებდა, რაც შესაძლოა ამ დავებზე ნეგატიურად ასახულიყო.

იმისათვის, რომ მიმდინარე დავების ფარგლებში არ დაზიანდეს სახელმწიფო ინტერესები და არ წარმოიშვას გაუმართლებელი რისკები, მიზანშეწონილია იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

განსახილველი საქმეები წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების დავებს საერთაშორისო არბიტრაჟსა და სასამართლოში, რის გამოც ატარებს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ხასიათს. აღნიშნული დავები უკავშირდება უცხოურ ინვესტიციებს და მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შესაძლებელია, იყოს ბმაში განსაკუთრებულ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან. მიმდინარე დავებზე სახელმწიფო წარმომადგენლობა უწყვეტი პროცესია, რომელიც მოიცავს პერიოდს საარბიტრაჟო შეტყობინების მიღებიდან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ − ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების ან გადაწყვეტილების მიმართ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროცესს,”- წერს იუსტიციის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა.

იუსტიციის სამინისტრომ დავის წაგების შესახებ ინფორმაცია 1 დეკემბერს დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი გაუქმებისთვის სტოკჰოლმის სასამართლოში იდავებს.

Inter Rao-სთან დავის გარდა, საქართველოს მთავრობა ჩართულია 10-ზე მეტ მიმდინარე საარბიტრაჟო დავაში ქვეყნის სხვადასხვა სექტორში არსებულ ინვესტორებთან. ყველაზე მეტი - 5 დავა საქართველოს წინააღმდეგ 2020 წელს დაიწყო. მათ შორისაა ორი დავა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უკავშირდება, ასევე დავა Neqsol Holding-ის დამფუძნებელ ნასიბ ჰასანოვსა და საქართველოს შორის, რაც საქართველოს მიერ კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნას უკავშირდება.

მიმდინარე დავებს მალე შესაძლოა კიდევ ერთი დავაც შეემატოს, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი “ნამახვანჰესის” ინვესტორი ENKA საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვას გადაწყვეტს.