მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სსიპ-ებმა კანონი დაარღვიეს და შემოსავლებიდან ბიუჯეტში ფული არ გადარიცხეს - აუდიტი

60cb6f4a94e09
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.21 23:00
1214
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ-ებს, რომელთაც 1 მილიონ ლარზე დიდი დამოუკიდებელი შემოსავლები აქვთ, სახელმწიფო ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლის არანაკლებ 10%-ის გადარიცხვა ევალებათ. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი მოხსენებიდან ირკვევა, 2020 წელს ამ გადახდის ვალდებულება იუსტიციის სამინისტოში შემავალმა სსიპ-ებმა დაარღვიეს. დოკუმენტის თანახმად, საუბარია 14.6 მილიონ ლარზე, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში არ მიიმართა.

“ბიუჯეტში თანხის მომართვა არ მომხდარა შემდეგი სსიპ-ების მიერ: სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო; სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი; სსიპ - იუსტიციის სახლი; სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; სსიპ - სმართ ლოჯიქი; სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული უწყებებიდან ნაშთის დაგროვებას ადგილი ჰქონდა პირველი 5-ის მიერ”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში.

BMG-იმ განმარტებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიმართა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, 2020 წელს სამინისტროს სსიპ-ების შემოსავლები “კრიტიკულად კლებადი ტენდენციით” ხასიათდებოდა, ამის გამო შეუძლებელი იყო აღნიშნული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა. ამ განცხადების მიუხედავად, თავად აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ რამდენიმე სსიპ-ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ნაშთის დაგროვებას 8 მილიონი ლარის ოდენობით.

“2020 წლის მანძილზე საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების პირობებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიღებული საკუთარი შემოსავლები კრიტიკულად კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით მკვეთრად აისახა ისეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთა შემოსავლების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია ქვეყნის მასშტაბით მოსახლებისთვის გაწეული 400-მდე სახის საჯარო მომსახურებიდან მისაღებ შემოსავლებთან.

მაგალითისთვის, აღნიშნულ პერიოდში სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” მიერ ყოველდღიურად მისაღები შემოსავალის საშუალო მაჩვენებელი 200 000 ლარიდან 45 000 ლარის ფარგლებში დაეცა, ხოლო სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ შემთხვევაში 260 000 ლარიდან 30 000 ლარამდე შემცირდა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საკუთარი შემოსავლების მობილიზებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, 2020 წლის მანძილზე დღის წესრიგში იდგა ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადასახდელების დაფინანსების შეფერხების საფრთხე, როგორიცაა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება და სოციალური უზრუნველყოფა, კომუნალური ხარჯები, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულებები და ა.შ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა არაერთი მნიშვნელოვანი და მხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ფარგლებში შეუძლებელი იყო „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებაში.