06.ოქტომბერი .2019 13:45

ივა ჭყონია: ერთ-ერთი მსხვილი ქსელიც რომ გავიდეს ბაზრიდან, ამას მოჰყვება ეკონომიკური კოლაფსი

views 418
უკან

„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც დისტრიბუტორებს, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებს შორის თანამშრომლობის პირობებში წარმოიქმნება.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ რითეილ და სადისტრიბუციო ბაზრის მოკვლევა უნდა დაიწყოს. მოკვლევის დაწყებამდე საგენტომ უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციიდან, ისე რითეილ სექტორიდან. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაიწყო აქტზე მუშაობა, რომელიც სავაჭრო ობიექტებისა და მიმწოდებლების ბიზნეს ურთიერთობებს დაარეგულირებს. 

ივა ჭყონიას განცხადებით, ქსელური სავაჭრო ობიექტები ხშირად დომინანტ პოზიციაზე იმყოფებიან და ამის გამო, დისტრიბუტორებს კაბალურ ხელშეკრულებებზე უწევთ ხელის მოწერა.

"არის სხვადასხვა გადასახადი; მაგალითად, თითოეულ მაღაზიაში თითო სახეობის პროდუქციის შეტანაზე ითხოვენ ერთჯერადად დარეგისტრირების საფასურს; ასევე, ქსელური ჰიპერმარკეტები და სუპერმარკეტები თითოეულ ახალგახსნილ მაღაზიაზე ითხოვენ შესვლის საფასურს და თუნდაც ერთ თვეში რომ დაიკეტოს ეს მაღაზია, თანხა უკან არ ნაზღაურდება; ეს ყველაფერი სრული აბსურდია და არსად არ არსებობს, არის გაურკვეველი რეტრო-ბონუსები და ა.შ. ეს არის ბანდიტიზმი პირდაპირი გაგებით, ყაჩაღობა და ამით უნდათ, ჩაძირონ სადისტრიბუციო კომპანიები"-ამბობს ჭყონია და აღნიშნავს:


„როდესაც კონკურენციის სააგენტომ რითეილ სეგმენტს, რიგ სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელს მიმართა წერილობით, ასევე პარლამენტიდან შევიდა წერილობითი მიმართვა, რომ გადაეცათ კონტრაქტები, რომელიც გაფორმებული აქვთ სადისტრიბუციო კომპანიებთან, მათ ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს“- აღნიშნავს ივა ჭყონია.

 

ჭყონიას ინფორმაციით, რითეილ სექტორს აქვს ათობით მილიონი დებეტორული დავალიანება, რაც საფრთხის შემცველია, ვინაიდან არსებობს პრეცენდენტები, როდესაც მსხვილი მოთამაშეები მოულოდნელად ტოვებენ ბაზარს. მსგავსი შემთხვევა გამოიწვევს დარტყმას ბიუჯეტზე, შეამცირებს სამუშაო ადგილებს და პრობლემებს შეუქმნის სადისტრიბუციო კომპანიებს.

„ერთ-ერთი ქსელიც კი რომ ბაზრიდან გავიდეს, ამას მოყვება ეკონომიკური კოლაფსი, რადგან ძირითადად დამოკიდებული ვართ საკვებ პროდუქტზე“, - აცხადებს „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე.

ივა ჭყონია განმარტავს, რომ გარდა ლარის კურსისა, არასწორი „თამაში“ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად აძვირებს პროდუქციას, რაც ართულებს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ოპერირების პროცესს.