მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივა ჭყონია: გვითხრას კობა გვენეტაძემ, ლარის კურსის რა ზედა ზღვარი უნდა აგვეღო?!

5f621d8eef1d6
ინგა მურუსიძე
16.09.20 19:30
1466
„მეეჭვება, რომელიმე სერიოზულმა ბიზნესმენმა, არ იცოდეს, რომ ქვეყანაში არის მცურავი გაცვლითი კურსი. ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს, ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს“, - ასე უპასუხა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც კურსის მერყეობის გამო ბიზნესის წუხილებს და ასევე სებ-ის მეტად პროაქტიული კომუნიკაციის საჭიროებას შეეხებოდა. 

რა მოლოდინები აქვთ კერძო სექტორში ლარის კურსთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო დღეებში, მიუხედავად სავალუტო ინტერვენციისა, გაუფასურების ტენდენცია აქვს და როგორ გაიგეს ცენლტარლური ბანკის პირველი პირის განცხადება - ამ კითხვით bm.ge-მ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარეს ივა ჭყონიას მიმართა, რადგან ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად და სწრაფად სწორედ იმპორტიორებზე აისახება. 

„რა უნდა ვუპასუხო?! ანუ რა გამოდის ბიზნესმა არ იცის რა კურსზე გააკეთოს გათვლა, რომ გაითვალისწინოს ლარის მცურავი კურსის არსებობა?! ამხელა კონკურენციაა ბაზარზე და მსყიდველუნარიანობა დაბალია. კურსი იყო 3,05 ლარი, ჩვენ ზედა ზღვარი 3,10-ზე გვეჭირა, მეტი რა უნდა გვექნა?! მაშინ გვითხრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რა ზედა ზღვარი უნდა აგვეღო?! - 3.50 ლარი 1 დოლარის ღირებულება? ზოგადად, ისეთი განცხადებები გაკეთდა, რომ აშკარად ცუდი მოლოდინებია. თან, დღესაც გაყიდა ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი, მაგრამ ვერ აჩერებს კურსს. ძალიან რთული სიტუაციაა“, - აცხადებს ივა ჭყონია.

ამასთან, ის ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი ასე თუ ისე ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, თუმცა არ იცის, რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი.

„რამდენად საკმარისია ეს ნაბიჯები, არ ვიცი, თუმცა ახლა რა ნაბიჯებსაც დგამენ, წინა წლებშიც რომ გადაედგათ, ალბათ ასეთი ნეგატიური შედეგები არ გვექნებოდა, რაც დღეს გვაქვს. გასულ წელსაც და უფრო წინათაც, როცა ლარი საკმაოდ გაუფასურდა, დროულად რომ ჩარეულიყვნენ, ინფლაციის მაჩვენებელი ისეთი არ იქნებოდა, როგორიც ახლაა“, - ამბობს ბიზნესმენი.

ამავე დროს, ჭყონიას covid-ის პირობებში არავითარი პოზიტიური მოლოდინი არ აქვს და ფიქრობს, რომ ახლა მთავარი, რისი გაკეთებაც მთავრობას შეუძლია, აღებული ვალების - მიზნობრივი და  არა - წინასაარჩევნო პრიორიტეტების მიხედვით ხარჯვაა.

„რა ნაბიჯი უნდა გადადგას მთავრობამ კოვიდის პირობებში?! როცა კორონავირუსი არ იყო და ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ითვლებოდა, ყველაფერი გაჩერდა. ინვესტიციების კლება ფიქსირდებოდა 2019 წელსაც კი. ქვეყანა დამოკიდებულია ტურიზმსადა ინვესტიციებზე. ტურიზმი ვერ არის, ინვესტიციები არ არის. ამ საკითხში მთავრობას ახლა ალბათ ვერაფერს ვეტყვით, რადგან უკვე დაბანდებულ ფულსაც კი პრობლემები აქვს მსოფლიოში და ახალ ინვესტორს ვერ შემოიყვან. თან ახლა არჩევნები მოდის და ლარის ჭარბი მასა ჩნდება... არ ვიცი, რამდენად სწორია ეს 200 და 300 ლარიანი დახმარებები, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჭარბი ლარის მასა პირდაპირ იწვევს ვალუტის გაუფასურებას, რადგან მიბმული ვართ უცხოურ ვალუტაზე. მთავრობას კონკრეტულ რჩევებს ვერ მივცემ, რადგან ურთულესი მდგომარეობაა, უბრალოდ ის ვალი, რომელიც ავიღეთ, მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს. არ უნდა მოხმარდეს წინასაარჩევნო კამპანიას, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გააუფასუროს ლარი“, - ამბობს ივა ჭყონია.