03.იანვარი .2020 23:00

ივა ჭყონია: ინფლაცია ამ ნიშნულზე გაჩერდება და არ დაიკლებს

views 458
უკან

ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის პერიოდში განახორციელა, - ამის შესახებ BM.GE-ის „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თამვჯდომარე ივა ჭყონიამ ინფლაციის დეკემბრის მაჩვენებლის შეფასებისას განუცხადა.

ივა ჭყონიას თქმით, მისი პროგნოზი გამართლდა და ინფლაცია იმ ნიშნულზე, რასაც ის აანონსებდა.

„ინფლაციის მაჩვენებელი 0.1%-ით გაიზარდა. ნოემბერში 6.9% გვქონდა. მე ვაანონსებდი კიდეც, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 7.0-7.2%-მდე ფარგლებში იქნებოდა. ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის პერიოდში განახორციელა. მივდივართ იქამდე, რომ ინფლაცია არის 7%-მდე მისული, რომელიც იყო 2008 წელს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარის შეფასებით, სებ-ის მიერ კრიტიკულ პერიოდში 10 მლნ დოლარის შეძენა, უარყოფითად აისახა, როგორც ეროვნული ვალუტის კურსზე, ასევე ინფლაციაზე. ივა ჭყონიას პროგნოზით, ინფლაცია არის პიკური და ამის შემდეგ ფასები პროდუქტებზე დასტაბილურდება, თუმცა, არ შემცირდება.

„სებ-ის მიერ ზაფხულში 10 მლნ დოლარის შეძენა, იმ პერიოდში როდესაც მართლა პანიკური პერიოდი იყო და ამასთან არასწორი, არაკოპეტენტური განცხადებები, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე რიგი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, როდესაც კატასტროფულად უფასურდებოდა ეროვნული ვალუტა, მაშინ მოხდა ეროვნული ბანკის მიერ 10 მლნ დოლარი ამოღება და რას ემსახურებოდა უბრალოდ ვერ ვხვდები, მე ვთვლი, რომ ეს იყო იმ კატასტროფის მაჩვენებელი, რასაც დღევანდელ დღეს ქვეყანაში ვიმკით.

თუმცა, პოზიტიურად მინდა შევხედო იმ კუთხით, რომ უკვე იანვრიდან ინფლაციის მაჩვენებელი აღარ გაიზრდება, ეს იყო უკვე პიკი. ინფლაცია ამ ნიშნულზე გაჩერდება და არ დაიკლებს. სებ-მა ამისთვის გადადგა უკვე ნაბიჯები, რეფინანსირების განაკვეთი 3-ჯერ გაზარდა და სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 150 მლნ დოლარამდე გამოიტანა გასაყიდად. ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი არ არის და დღეს ლარის კურსს დოლართან მიმართებაში ვიღებთ სტაბილურს და არა გამყარებულს.

ეს ნაბიჯები თავის დროზე რომ გადაედგათ, დღეს ინფლაციის ეს მაჩვენებელი არ გვექნებოდა. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებულია. სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფებზე ფასები არ შემცირდება - ასე დარჩება, უბრალოდ ინფლაციის მაჩვენებელი აღარ გაიზრდება“, - განმარტა ივა ჭყონიამ.