მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის ე.წ. მიუ შტამი საშიში არ არის

614451331839a
ინგა მურუსიძე
17.09.21 12:34
599
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და იმუნიზაციის საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ე.წ. მიუ შტამის შესახებ საუბრობს.

როგორც ჩხაიძე ამბობს, სტატისტიკური მაჩვენებლებით, ე.წ. მიუ შტამი მხოლოდ 50 ქვეყანაშია გავრცელებული და ამ დროისთვის სულ 6 240 შემთხვევაა დადასტურებული, რაც 9 თვის მაჩვენებელია.

„ჯანმო კორონავირუსის შტამებს ორ კლასიფიკაციას აძლევს: „ინტერესის“ და „შეშფოთების“. ე.წ. მიუ შტამი ინტერესის კლასიფიკაციაში შედის, ხოლო შეშფოთების კლასიფიკაციაშია მოხვედრილი მხოლოდ 4: „ალფა“, „ბეტა“, „დელტა“ და გამა შტამები. როგორც გითხარით, ე.წ. მიუ შტამი ჯანმოს კლასიფიკაციით არის ინტერესის ვარიანტი ანუ ეს ნიშნავს, რომ მას ჯანმო აკვირდება.

ეს მუტაცია პირველად აღმოჩნდა ამ წლის იანვარში, რაც ნიშნავს, რომ თითქმის 9 თვის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი გავრცელების სახე არ მიიღო. დღეისთვის მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული, თუმცა ჯამურად ინფიცირებულთა რაოდენობა 6 240-ია. ყველაზე მეტი დაფიქსირდა აშშ-სა და კოლუმბიაში, ხოლო 50 ქვეყნიდან 43-ში მათი რაოდენობა ერთეულია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, გამორიცხული არ არის, შტამი საქართველოშიც გამოჩნდეს, თუმცა, სავარაუდოდ, ძალიან არ გავრცელდება, რადგან მაგალითისთვის თურქეთში მხოლოდ ორიო შემთხვევაა დაფიქსირებული და მეტად არ გავრცელებულა.

„ბავშვებში რამდენად გადამდებია ან საშიში, ჯერ დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. დღეისთვის ითვლება, რომ ეს მუტაცია ერთეული შემთხვევაა და ინტერესის კლასიფიკაციის ქვეშ დრჩა. ძნელი სათქმელია გახდება თუ არა აგრესიული, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დელტა ვარიანტმა 9 თვეში საკმაოდ აგრესიული მუტაცია განიცადა და ჯანმომ მისი კლასიფიკაცია რამდენიმე კვირაში შეცვალა, ინტერესის სფეროდან შეშფოთების სფეროში გადაიყვანა. ვფიქრობთ, ე.წ. მიუ შტამი არ უნდა იყოს ჩვენთვის საფრთხის შემცველი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც“, - განმარტა ჩხაიძემ 'მთავარის" პრესკლუბში სტუმრობისას.