28.ნოემბერი .2019 18:32

ივანე მაჭავარიანი - 2020 წელს ინფლაცია ქვევით დაიწყებს სვლას

views 362
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის ხელთ არსებული პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ინფლაციის დონე შემცირდება. ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის საპასუხოდ შესაბამისი ნაბიჯები გადადგა.
 
"ჩვენ დღეს რაც გვაწუხებს, ეს არის ლარის გაუფასურება, ეს არის შესაბამისად ინფლაცია, ეს არ ებმის რეგულაციების ამ ნაწილს. ეს აბსოლუტურად, ცოტა სხვა მოვლენაა. რაც შეეხება ინფლაციას, ერთმნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია ბოლო რამდენიმე თვეში გაიზარდა და პრაქტიკულად ჩვენთვის მიუღებელ ნიშნულს მიუახლოვდა.

წინაზეც ვთქვი, როდესაც ბიუჯეტი წარმოვადგინე, რომ ეროვნულმა ბანკმა გადადგა საკმაოდ სწრაფი და ადეკვატური ნაბიჯები და ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წელს ინფლაცია დაიწყებს ქვევით სვლას, წლის მეორე ნახევრიდან უნდა დაიწყოს დაბრუნება მიზნობრივ ნიშნულზე, რაც არის 3%. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთობლივად, სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან ერთად შევთანხმდით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სექტემბრის შემდგომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი 2019 წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.