მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს ტელევიზიებიდან 17 მილიონი ლარით მეტი თანხა იქნება მობილიზებული

5e4e51c5b6916
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.20 13:32
821
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ტელემაუწყებლების მიერ დაგროვილ 55-მილიონიან დავალიანებაზე მაუწყებლებთან შეთანხმება მიღწეულია. მინისტრის თქმით, კომპანიებს ვალდებულებები 5 წელზე გადაუნაწილდებათ და ისე მოემსახურებიან მას, რის პარალელურადაც კომპანიები მიმდინარე გადასახადებსაც გადაიხდიან. 

ივანე მაჭავარიანის თქმით, 2020 წელს ბიუჯეტი მაუწყებლებისგან, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებდნენ, 17 მილიონი ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს.

"სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მსხვილი ტელევიზიები თავს არიდებდნენ დეკლარირებული გადასახადების გადახდას. ეს ერთის მხრივ ნიშნავდა ბიუჯეტში შემოსავლების დაკლებას, ხოლო მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად აფერხებდა შედარებით მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას. ჩვენ გასულ წელს საჯაროდ განვუმარტეთ ტელევიზიებს, რომ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელებას არ ვაპირებდით და ყველას მოვთხოვეთ მიმდინარე გადასახადების გადახდა. ეს პოლიტიკა დამეთანხმებით, თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ტელევიზიას და ამავდროულად აორმაგებს კერძო ტელევიზიების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს. მარჯვენა გრაფიკზე (გრაფიკი, რაც მინისტრმა პარლამენტში დეპუტატებს ვიზუალურად წარუდგინა) წარმოდგენილია, რა თანხას იხდიდნენ ისინი წლების განმავლობაში და რა თანხას გადაიხდიან ისინი 2020 წელს. აქედან ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მიერ გატარებულ ღონისძიებებს 2020 წლის ბოლომდე 22 მილიონი ლარის შემოსავალი მოაქვს ბიუჯეტში.

რაც შეეხება ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს, როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს ჩვენ აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ ტელემაუწყებლებთან. მათი მხრიდან წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდებოდა დაგროვილი დავალიანების დაფარვა. დღეის მდგომარეობით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტელეკომპანიების მიერ უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით, ტელეკომპანიები უზრუნველყოფენ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით მათ მიერ დეკლარირებული გადასახადების გადახდას. აღნიშნული გრაფიკი ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ არსებული საგადასახადო ვალდებულებები.

ბიუჯეტის ხვრელი, შედარებით პატარა, მაგრამ მაინც ხვრელი იყო ტელევიზიები. პრაქტიკულად, 7 მილიონს იხდიდნენ ის მოთამაშეები, რომლებიც იხდიდნენ. პირველი ოქტომბრიდან ჩვენ რომ მოვთხოვეთ მიმდინარეს გადახდა, უცბად ხუთი მილიონის მობილიზება გავაკეთეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც ძირითადად კაპიკს არ იხდიდნენ. ამ წელიწადს ტელევიზიებიდან ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება არანაკლებ 17 მილიონი ლარით მეტი თანხა მობილიზებული", - ამბობს ფინანსთა მინისტრი. 

ტელეკომპანიები – "იმედი", "მაესტრო" და "რუსთავი 2" 2016-2019 წლებში გადასახადების გადახდას თავს არიდებდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "იმედს" ბიუჯეტის წინაშე 19 მილიონი ლარი, "მაესტროს" 8 მილიონი ლარი, "რუსთავი 2"-ს კი 28 მილიონი ლარი მართებს.