მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: დღეს ფისკალური ხარჯვის გავლენა ლარის კურსზე პრაქტიკულად არ არის

5f70c925e008a
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.20 20:21
926
"ამ მომენტისთვის ფისკალური ხარჯვის ნაწილი და გავლენა მიმდინარე კურსზე და ლარზე პრაქტიკულად არ არის,"-
გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრი ასევე საუბრობს იმ პროცესზეც, რომლის შედეგადაც, მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო დაფინანსების ათვისება ხდება. მაჭავარიანის განცხადებით მთავრობა ახდენს ამ სახსრების ათვისებას, ამის პარალელურად კი ეროვნული ბანკი მიზნობრივ სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებს. 

"შეიძლება რაც მოიზიდე თანხა ის მთლიანად მიმოქცევაში გაუშვა და გაამყარო ლარი, მაგრამ ვალის დაბრუნება რომ დაიწყება, შემდეგ აუცილებლად ხელახლა ზეწოლა მოხდება კურსზე.

ამ პროცესს თავისი წესი და რიგი აქვს. მოზიდული რესურსები ეროვნული ბანკის რეზერვებში ხდება და შემდეგ იმის მიხედვით, როგორ მიდის ხარჯვა, ეროვნული ბანკი აკეთებს ინტერვენციებს. შესაბამისად, ამ მომენტისთვის ფისკალური ხარჯვის ნაწილი და გავლენა მიმდინარე კურსზე და ლარზე პრაქტიკულად არ არის,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტის ათვისება თვეების მიხედვით უფრო თანაბარი წესით ხდება, რაც წლის ბოლოს გაზრდილი ხარჯების დაწოლას ამცირებს. 

"კიდევ ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რადგან ამ ხარჯვით ნაწილზე მივედით. წინა წლებში ქრონიკულად იყო არათანაბარი ხარჯვის პრობლემა.ეს იყო პერიოდი, როდესაც ძირითადი ნაწილი კაპიტალური ხარჯებისა წლის ბოლოსკენ იყო, ნოემბერ დეკემბერში, ავანსები ირიცხებოდა და სხვა. ეს საკითხი ახლა მნიშვნელოვნად არის გამოთანაბრებული მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო და შენელება იყო. შესაბამისად, 2019 წლიდან უკვე ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად არის გათანაბრებული. უნდა ითქვას, რომ ესეც, საჯარო ფინანსებისა და ბიუჯეტის სწორ მართვას ნიშნავს,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრმა გაცვლით კურსზე მოსალოდნელი არჩევნების ფისკალური ხარჯების გავლენაც გამორიცხა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ხარჯები არ არის გათვალისწინებული.

საინტერესოა, რომ 16 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ BMG-ის კითხვის პასუხისას განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან გაზრდილ ხარჯვას გაცვლით კურსზე რეალურად აქვს გავლენა და ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც სებ-ი ინტერვენციებს ახორციელებს. 

"მთავრობამ ხარჯვა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. შეუძლებელია სხვანაირად ის დახმარება, რომელიც არის გამოყოფილი მივიდეს იმ ადამიანებამდე და სექტორებამდე, რომელთაც დახმარება სჭირდება. ფონდის მისიის შეფასებით, ამგვარი დახმარებების აუცილებლობა, დიდი ალბათობით, შემდეგ წელსაც იქნება აუცილებელი. რა თქმა უნდა, ამ დანახარჯებს აქვთ გავლენა გაცვლით კურსზე, მაგრამ ამ დანახარჯების გაწევას არ აქვს ალტერნატივა. სწორედ ამიტომ ის მექანიზმი, რომელზეც მოგახსენეთ, სახელმწიფო იღებს სახსრებს, ეს თანხები შემოდის ვალუტის ფორმით, შემდგომ ვალუტა მოემართება ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში და ამ თანხების ხარჯვა ხდება ლარში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აუცილებელია დახარჯვა. ამის შემდგომ კი ეროვნული ბანკი ინტერვენციების საშუალებით ახდენს მიწოდებას სავალუტო რეზერვების. ასე რომ, ხარჯვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ჩვენც აქტიური დავრჩებით სავალუტო ბაზარზე. სხვანაირად შეუძლებელი იქნება პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შეჩერება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ივანე მაჭავარიანი "Forbes-ის კვირაში"