მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: იმედი გვაქვს 2021 წელს ტურიზმი 50%-ით მაინც აღდგება

5f70e3ebaaf81
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.20 22:42
1330
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს შევძლებთ ტურიზმის ნახევარი დავიბრუნოთ. 40-50% თუ დაბრუნდა ტურისტის ეს დიდი საქმე იქნება და ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტური იქნება,"- გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა ინვესტორებისთვისაც დადებით სიგნალებს გააჩენს. 

"ფაქტი ერთი რამე არის, რომ იცით პანდემიამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს, ანუ ჩვენი მომსახურების ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პოტენციალს. ეს კი ლარზე ზეწოლას ახდენდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად რაც პანდემია დაიწყო ეს ზეწოლა არსებობს ლარზე.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს შევძლებთ ტურიზმის ნახევარი დავიბრუნოთ. 40-50% თუ დაბრუნდა ტურისტის ეს დიდი საქმე იქნება და ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტური იქნება. უშუალოდ ტურიზმის შემოსავლები კიდევ სხვა თემაა, რადგან $3 მილიარდი როდესაც იყო ამ მხრივ შემოსავალი, ის იმპორტსაც ასტიმულირებდა და წმინდა შემოსავალი შეიძლება უფრო $1-1.5 მილიარდი დოლარი გვეფიქრა რომ იყო ამ მიმართულებიდან. შესაბამისად, მისი ნახევარის აღდგენაც ძალიან დიდი საქმეა.  ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა გაააჩენს პოზიტიურ სიგნალებს ინვესტორებში, ეკონომიკაში და რასაკვირველია ეს ყველაფერი ლარზეც აისახება,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა 1.3 მილიონი ვიზიტი შედგა, მათი უდიდესი ნაწილი პირველ კვარტალში, საზღვრების ჩაკეტვამდე იმყოფებოდა ქვეყანაში. 2019 წელთან შედარებით ტურიზმის მაჩვენებელი 75%-ით არის შემცირებული. კიდევ უფრო მჯეტად არის შემცირებული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. შედარებისთვის, 2019-ის აგვისტოში ტურიზმის შემოსავალი $412 მლნ იყო, წელს მხოლოდ $15 მილიონია.

საქართველოს ტურისტული სექტორი დღეს რეგიონის ქვეყნებში ეპიდემიური ვითარების გაუმჯობესებაზეც არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანაში ყოველწლიურად ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოდიოდნენ.