30.სექტემბერი .2019 14:34

ივანე მაჭავარიანი: მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს

views 179
უკან

"მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მან იმ ძირითად პრინციპებზე ისაუბრა, რომელსაც მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა.

„2020 წლის ბიუჯეტი არის „მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი", სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ უფრო მეტად და ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ, რაც სოციალურ ნაწილში აისახება.

მეორე პრინციპი არის ის, რომ ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ ზრდაზე ორიენტირებული მიმართულებები - ეს არის კაპიტალური დანახარჯები, დანახარჯები ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, რომელიც თვისობრივად და ხარისხობრივად სხვანაირ ქვეყანაში გვაცხოვრებს და ეს ჩვენ მომავალ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.

მესამე, მთავარი პრინციპი - ეს არის ეფექტური მმართველობა, რაც ჩვენ შემთხვევაში ნიშნავს ეკონომიკურად გამართული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას. ეს სამი პრინციპი არის ის ქვაკუთხედი, რაზეც აშენდა ჩვენი ბიუჯეტი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.