მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი "ვალების განულებაზე": ჯერ ეს ერთი, ჩემი არ იყო ეს პროგრამა

5e53b4125b88d
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.20 15:45
1334
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ მართალია, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მოდერატორის ფუნქციას ასრულებდნენ ე.წ. “ვალების განულების” პროგრამაში, მაგრამ თავად ეს პროგრამა სახელმწიფო პროგრამა არ იყო. ამასთანავე, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ თუ აღნიშნულ პროგრამაში მოხდა გარკვეული ხარვეზი და 2-3 ადამიანის ვალი გამორჩენილი იყო განულებული ვალების ბაზიდან, მაშინ აღნიშნული შემთხვევები ინდივიდუალურად უნდა იქნეს განხილული.

“ჯერ ეს ერთი, ჩემი არ იყო ეს პროგრამა, ეს არ იყო ფინანსთა სამინისტროს პროგრამა. გახსოვთ, ეს იყო ტრანზაქცია, რომელიც შედგა ერთი მხრივ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებსა და მეორე მხრივ ფონდ "ქართუს" შორის. 600,000-მდე ადამიანს ჩამოეწერა ვალი და ამის ფარგლებში თუ ადამიანი აღმოჩნდა ისევ შავ სიაში, ეს ინდივიდუალურად უნდა გავიაროთ. მონაცემთა ბაზები ცნობილი იყო, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ვმოდერატორობდით, ჩვენც ვიყავით ჩართული, ეროვნული ბანკიც იყო ჩართული, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს ჰქონდათ მონაცემები ბაზების შესახებ. ეს თანხები ერთმნიშვნელოვნად ჩამოიწერა.

თუ ამ 600,000 ადამიანში 2-3 ან 5 რაღაც შემთხვევა არის, სადაც რაღაც ხარვეზია, ეს ტექნიკურად მიმართეთ და გაგარკვევენ,”- ამბობს ივანე მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვალების განულების პროგრამა დაანონსა.

ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შეძენას და მის განულებას ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ" გეგმავდა.

პროექტი 2018 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.

"ქართუ ჯგუფის" აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს “ქართუ ჯგუფმა” ვალების ჩამოწერის პროგრამის განსახორციელებლად ახალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - მისო “კრედიტი 2018” დააფუძნა, რომლის საქმიანობის ერთადერთი მიზანიც ფონდ “ქართუსთვის” შესაბამისი დაფინანსების მიცემა და აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, ფონდისგან ჩამოსაწერად გამზადებული ვალების პორტფელის მიღება იყო.

მისო “კრედიტი 2018”-მა ჩამოსაწერად გამზადებული პორტფელი ფონდ “ქართუსგან” შეიძინა და შემდგომ ის გაანულა. შესყიდული პორტფელის ღირებულებად ანგარიშგებაში 38,877,000 ლარი არის მითითებული - შესაბამისად, “ქართუ ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალმა კომპანიამ აღნიშნულ თანხად გამოისყიდა ფონდისგან ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი. თავად “კრედიტი 2018”-ის ფინანსური შედეგები საჯარო არაა, შესაბამისად, უცნობია, მთლიანობაში რა იყო აღნიშნული კომპანიის ბრუნვა და განხორციელებული ოპერაციების სრული მოცულობა.