მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის საყვედური არ გვეთქმის

5f9bc64d19ebf
თელარა გელანტია
30.10.20 12:15
1023
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეფასებით, პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საშუალო და მსხვილი კომპანიები პატიოსანი გადამხდელები არიან და გამოწვევას ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი წარმოადგენს.

მინისტრის თქმით, საქართველოში გადასახადების გადახდის კულტურა მაღალია.

„საშუალოდ და მსხვილ ბიზნესში საკმაოდ კარგი, პატიოსანი გადამხდელები არიან და და ნამდვილად არ გვეთქმის საყვედური. რაც შეეხება წვრილ და არაფორმალურ სექტორს, რასაკვირველია, ის დიდია და დივერსიფიცირებული. პანდემიის დროს, როდესაც მთავრობის მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში ერთჯერადი კომპენსაცია გაიცემოდა, მაშინაც გამოჩნდა, რომ ძალიან გაუჭირდათ მოქალაქეებს ელემენტარული დოკუმენტის წარმოდგენა იმის დასტურად, რომ იყვნენ თვითდასაქმებულები. გახსოვთ ალბათ, ჩვენ გავამარტივეთ პირობები და საკმარისი იყო, მაგალითად, დადასტურება იმის, რომ პირი სადღაც იდგა და ვაჭრობდა, ესეც კი პრობლემა იყო. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ფისკალური მიზნები კი არაა მთავარი - მთავარია, საგადამხდელო კულტრა არსებობდეს, ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს. რა დააშავა იმან, ვინც იხდის გადასახადებს?!“, - აღნიშნა მინისტრმა, რომლის შეფასებით, covid-19-ის პანდემიამ ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა უფრო მეტად გამოაჩინა.

Bm.ge-ისთან ინტერვიუში ივანე მაჭავარიანმა გადასახადების ზომაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში საგადასახადო წნეხი მაღალი არაა.

რაც შეეხება ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე გადასახადების შესაძლო შემცირებას, მინისტრი ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში გადასახადების შემცირება ქვეყნის სტაბილურობას შეარყევს.

„ამ პერიოდში გადასახადების შემცირება ერთმნიშვნელოვნად კონტრპროდუქტიულია და პრაქტიკულად, შეარყევს და ძირს გამოუთხრის ქვეყნის ფისკალურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, თუმცა არც გადასახადების გაზრდაზეა საუბარი. მთავარია, არსებული საგადასახადო განაკვეთების პირობებში პროდუქტიულობა გავზარდოთ ანუ ჩრდილოვანი სექტორი შემცირდეს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.