18.მარტი .2020 15:50

ივანე მაჭავარიანი: უხილავ მტერთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით

views 204
უკან

"ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან არის პრაქტიკულად როგორც ომის მდგომარეობა. ომის მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ მტერი არის უხილავი და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ვერაგი,"- ამბობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

ამასთან, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ შექმნილი ეკონომიკური შოკის წინააღმდეგ, "მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია." ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ კონკრეტულად კორონავირუსით გამოწვეული შოკი ტურიზმის სფეროს მონათესავე სექტორებზე აისახება ყველაზე მძიმედ, გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნა კი კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორია, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედებს.

"მსოფლიოს ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ყველაზე მძიმე დარტყმას მიიღებს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი, როგორიც არის ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სფეროები და ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე საკმაოდ ნეგატიური ფაქტორი, რაც არის ნავთობის ფასების კოლაფსი. ამან ჩვენი ეკონომიკა დამატებითი გამოწვევის წინაშე დააყენა. მინდა დაგარწმუნოთ რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყელა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ მარტო არ ვართ. ამ დღეებში ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს. პირველ რიგში ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო.

ჩვენ ვგეგმავთ IMF-ის პროგრამის ზრდას, საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორებთან და მათგანაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული დახმარებების მობილიზება. ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული ხვდება. ჩვენ გასული ფისკალური წელი საკმაოდ კარგად დავასრულეთ, გვქონდა საგადასახადო შემოსავლების ისტორიულად გადაჭარბება, შევქმენით მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერები. მოცულობით პაკეტს წარვადგენთ სტიმულირებებისთვის,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 9%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და არ გამორიცხა, რომ კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა