მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრიისთვის საგადასახადო მოულოდნელობები არ იქნება

5f705b43ca195
BM.GE
27.09.20 13:15
1104
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში განაცხადა, რომ თამბაქოს ინდუსტრიისთვის 2021 წელს საგადასახადო კუთხით "სიურპრიზები" მოსალოდნელი არაა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო აღნიშნულ სექტორს საგადასახადო კუთხით 2021 წელს შემდეგი ორი წლის გეგმას გააცნობს.

"გადასახადებთან მიმართებით იქნება ძალიან გამჭვირვალე პროცესი. მაგალითად ჩვენ უკვე გვქონდა თამბაქოს ინდუსტრიასთან საუბარი და მაშინ მივეცით კიდეც სიტყვა 2021 წლამდე. 2021-ში კი შემდეგ ორწლიან გეგმას ვეტყვით. ანუ გაისამდე მათ იციან რა ხდება.

თქვენ გახსოვთ, რომ 2018-2019 წლებში ჩვენ გვქონდა ამ მხრივ პატარა დაძაბულობები. თუმცა ამას გახსოვთ, რომ მაშინ თავისი ლოგიკა ჰქონდა და იყო მნიშვნელოვანი ხვრელები და პრობლემები, რომლებიც შესაბამისი ცვლილებებით ამოვავსეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამან ცოტა დაძაბულობის ნაწილები შექმნა, დღეს ყველა ხედავს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ამან და ე.წ. “ოქროს სიის” შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩვენი შემოსავლების გენერირება და მოგახსენებთ, რომ 2019 წელი რეკორდული გადაჭარბებით დავასრულეთ,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში ფინანსთა სამინისტრომ იმპორტიორებისთვის ე.წ. "ოქროს სია" გააუქმა, რასაც მაშინ ქვეყანაში მოქმედი ბიზნესგაერთიანებების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა. 2018 წლის დეკემბერში კი პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა საგადასახადო ცვლილებები, რომლითაც ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის აქციზის გადასახადის გათანაბრება მოხდა. ამასთან, ფილტრიანი სიგარეტებისთვის ადვალური გადასახადის მოცულობაც გაიზარდა. დამტკიცებული ცვლილებების ტემპსა და მის მოულოდნელობას მაშინ თამბაქოს ინდუსტრიის კრიტიკა მოყვა. 

ივანე მაჭავარიანი "Forbes-ის კვირაში"