მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ მის "დისკრედიტაციაზე" და გადარიცხვების შეჩერებაზე პრესკონფერენციას გამართავს

6278db499f8a4
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.22 13:17
1695
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს კიდევ ერთხელ უჩივის - ამის შესახებ განცხადებას თავად ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის დასაწყისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს მიერ დაფუძნებულ ტრასტს, სადაც ივანიშვილის ქონება ინახებოდა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება დაავალა, ხოლო ბანკმა ეს ოპერაციები დროულად არ განახორციელა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკმა მას შემდეგ კიდევ ერთი ტრანზაქციაც შეაყოვნა, რაც ამ დრომდე არაა განხორციელებული. 

განახლებული განცხადების თანახმად, ივანიშვილი გეგმავს მოაწყოს პრესკონფერენცია უცხოური მედიისთვის მისთვის მიყენებულ ზარალზე. "აქ იქნება აღწერილი, თუ როგორი დაუცველები არიან დეპოზიტარები შვეიცარიული საფინანსო სისტემისგან."

განცხადებიდან ირკვევა, რომ სარჩელი შეტანილია დიდი ბრიტანეთის დაქვემდებარებაში არსებულ გერნსის კუნძულზე, რომელიც მრავალი ოფშორული კომპანიის და ფონდის მისამართს წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს საკუთარი თანხის მიღება 2022 წლის 4 მარტს მოსთხოვა, თუმცა ამ ოპერაციის განხორციელება მხოლოდ 4 აპრილს მოხდა, ამ ერთთვიან პერიოდში კი ივანიშვილის მხარემ ბანკს არაერთი წერილი მისწერა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ “აღმოსავლეთ ევროპაში რთული პოლიტიკური ვითარების გამო” მეტი დრო სჭირდებოდა. ამასთან, ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR ფირმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომთან და ის არც სანქცირებულ პირთა სიაში არაა.

“ტრასტის ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რაიმე სანქციებს. ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს საქართველოს და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა ბანკმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება. ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არამხოლოდ დისკრიმინირების, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა,” - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, Credit Suisse-მა ივანიშვილის გადარიცხვები არამხოლოდ მარტში, არამედ აპრილშიც შეაყოვნა, რადგანაც განცხადების თანახმად, ბანკმა 14 აპრილს ივანიშვილისგან მიღებული ინსტრუქციაც არ განახორციელა და აღნიშნული ტრანზაქცია დღემდე არაა შესრულებული, რაც ივანიშვილის უფლებებს არღვევს.

განცხადებაში არაა ნათქვამი თუ რა მოცულობის ზარალი მიადგა ბიძინა ივანიშვილს ან რა თანხის საბანკო გადარიცხვები შეაყოვნა შვეიცარიულმა ბანკმა.

„ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა თანხის რწმუნებულის (ბანკის) ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ტრასტის მიზანს და პრინციპებს. რეალობა ის არის, რომ ამ ქმედებებს არ გააჩნიათ დასაბუთება და ქმნიან სახიფათო პრეცედენტს. ბენეფიციარებმა ამ პოზიციის შესახებ ბანკს მკაფიოდ აუხსნეს მათ მიერ გაგზავნილ 14 და 29 აპრილის წერილებში, რომელთათვისაც ტრასტის რწმუნებულს არც კი უპასუხია.

ბანკი თავის ქმედებებსა და უმოქმედობას პოლიტიკურ მდგომარეობას და საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. კლიენტს [ბიძინა ივანიშვილს] კი აქვს მიმდინარე მოვლენების თავისი ახსნა და პოზიცია, რომელსაც მომავალში შეგატყობინებთ,”- ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი და Credit Suisse-ს მის სასარგებლოდ 500 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საუბარია დავაზე, რომელიც ივანიშვილმა მისი ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითური ოპერაციების შემდეგ დაიწყო. გადაწყვეტილების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.