მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება

5ffd813dcdde9
შოთა ტყეშელაშვილი
12.01.21 15:02
2165
საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და ის 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა. 

დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.3%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს. ამასთან, წელსაც გაგრძელდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა, რაც 200 მილიონ კუბურ მეტრზე არის განსაზღვრული. ამ მოცულობის რუსული გაზი შეიძინა საქართველომ 2020 წელსაც. 

 აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი კი, თავის მხრივ, ორ წყაროდ იყოფა, ესენია:

1) გაზი შაჰ-დენიზის კონსორციუმიდან - 1.014 მილიარდი კუბური მეტრი, ზრდა 125 მილიონი კუბური მეტრი;
2) გაზი “სოკარიდან” - 1.504 მილიარდი კუბური მეტრი, ზრდა 80 მილიონი კუბური მეტრი.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ადგილობრივ მოპოვებას, მას ეკონომიკის სამინისტრო 11 მილიონ კუბურ მეტრზე პროგნოზირებს. შესაბამისად, ქართული გაზი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 0.4%-ს დააკმაყოფილებს.

აზერბაიჯანიდან საქართველო ბუნებრივ აირს სოკართან და შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე იღებს. 2020 წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგად სოკარმა საქართველოსთვის ე.წ. “სოციალური გაზის” ღირებულების შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ფასდაკლება 200 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს შეეხება. “სოციალური გაზი” მოსახლეობის და თბოელექტროსადგურებისთვის არის განკუთვნილი. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, წელს გაიზრდება როგორც მოსახლეობის, ასევე თბოსადგურებისა და კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული გაზის მოცულობა.

2021 წლისთვის გაზის მოხმარების პროგნოზი ასეთია:

1) მოსახლეობა (სოციალური გაზი) - 1.129 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ზრდა 41 მილიონი კუბური მეტრი;
2) თბოელექტროსადგურები (სოციალური გაზი) - 665 მილიონი კუბური მეტრი, ზრდა 79 მილიონი კუბური მეტრი;
3) კომერციული სექტორი - 900 მილიონი კუბური მეტრი, ზრდა 60 მილიონი კუბური მეტრი.