მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი: "პანორამა თბილისი" მაღალი რანგის და მაღალშემოსავლიან სტუმრებზეა გათვლილი

5dbfeea40a805
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.19 13:27
1936
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-თან მის ბიზნეს გეგმებსა და საქველმოქმედო პროექტებზე ისაუბრა. ივანიშვილი თბილისის ცენტრში მშენებარე "პანორამა თბილისის" პროექტებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ახალი სასტუმრო კომპლექსი მაღალი რანგის, მაღალშემოსავლიან სტუმრებზე არის გათვლილი. ამასთანავე, ექს-პრემიერი ამბობს, რომ ობიექტს "უნიკალური აკვარიუმი" ექნება. 

"ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მაღალი რანგისა და მაღალშემოსავლიან სტუმრებზეა გათვლილი. გახსოვთ ალბათ, ყოფილი ცეკავშირის, წლების განმავლობაში მიტოვებული და დაცარიელებული შენობა, რომელზეც ყველაზე მეტი ხმაური იყო.

დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მოკლე დროში ავაშენეთ თანამედროვე და გამორჩეული სასტუმრო.

მეორე სასტუმრო − სრულად საქმიან ტურიზმზე იქნება ორიენტირებული. აქ განთავსდება ძალიან დიდი მასშტაბის თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები, რომლის მსგავსიც კი არ არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში.

აქვე გავიხსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ EBRD-ის წლიურ კონფერენციაზე თბილისს 3 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი ეწვია. დარბაზი არ არსებობდა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგეს ე.წ. ერთჯერადი სივრცეები, რომ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება არ ჩაშლილიყო.

„პანორამის“ ამ მეორე სასტუმროთი, ჩვენ ქვეყანას ეს პრობლემა მთლიანად მოეხსნება, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს − ნებისმიერი მაღალი დონისა და მასშტაბის კონფერენციის თუ შეხვედრის მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს ეს სასტუმრო.

ზოგადად, საკონფერენციო სივრცეების აშენება ყველაზე ნაკლებად რენტაბელურია, ყველაზე დაბალია მოგება და ამიტომ, ბიზნესიც, ორდინარულ ვითარებაში, ამაზე აქცენტს არ ამახვილებს, ასეთი მასშტაბის სივრცეებს არ აშენებს.

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ქვეყანას სჭირდება?!

ჩვენ დღეს პრეტენზია გვაქვს, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა და კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ. როგორ უნდა წავიდეთ წინ? სწორედ ასე − შევთავაზოთ მაღალი ხარისხი, ძვირფასი ინფრასტრუქტურა, რომ მოვიზიდოთ მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტები, გავხდეთ საქმიანი ტურიზმის ცენტრი, ჩვენთან ჩატარდეს მაღალი დონის კონფერენციები და დიდი ღონისძიებები − ესაა ჩვენი ინტერესი და ამასაც ემსახურება „პანორამის“ პროექტი.

ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ სასტუმროშიც განთავსდება უნიკალური აკვარიუმი, რაც ასევე დამატებით ხიბლს შესძენს მას.

და „პანორამის“ მესამე სასტუმრო − თაბორის მთაზე, რომელსაც ასევე ხმაური მოჰყვა. მისი ექსკლუზიურობა იქნება გოლფის უნიკალური მოედნები, რაც ასევე მაღალი შემოსავლების სტუმრებზეა გათვლილი.

ხმაურის საპასუხოდ კი, მინდა ვთქვა, რომ იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო. მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული გახლდათ, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, „პანორამის“ ეს სამი, სხვადასხვა ექსკლუზიურობის სასტუმრო, ერთმანეთთან საბაგიროებით იქნება დაკავშირებული − ესეც განსხვავებულ ხიბლს სძენს პროექტს.

იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, მე მზად ვარ ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი. სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ პანორამაზე,"- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.