მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილს მოსწონს ამ ქვეყნის ფეოდალის როლი – თედ ჯონასი

6415b7ed5296a
BM.GE
18.03.23 20:34
825
ბიძინა ივანიშვილს მოსწონს ამ ქვეყნის ფეოდალის როლი – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში – „ანალიტიკა“ – განაცხადა.

ინტერვიუს თემა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ წარმართული საპროტესო ტალღა იყო და შედეგი: ქართულმა ოცნებამ საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკის ფონზე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, მეორე მოსმენაზე მხოლოდ იმიტომ გაიტანა, რომ თავად ჩაეგდო.

თედ ჯონასს მიაჩნია, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონიც ქართული ოცნების საერთო დღის წესრიგის ნაწილი იყო – საქართველოს გადმოგდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის რელსებიდან. „თავად ევროპელებმა თქვეს ეს. იგივე თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ვფიქრობ, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ რაც უნდა გვითხრას საქართველოს მთავრობამ – მათ არ სურთ, ევროკავშირში შესვლა. ქართველ ხალხს სურს ევროპის ნაწილი იყოს“ – ამბობს ჯონასი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს მიაჩნია, რომ ადრე საქართველოში ბიძინა ივანიშვილის კომფორტის შენარჩუნება ევროატლანტიკური მიმართულების მხარდაჭერაზე გადიოდა და ამიტომ, ქვეყნის პოლიტიკაც შესაბამისი იყო.

„რაღაც მომენტში, რუსეთმა სხვა პირობები წამოაყენა – ღიად უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ევროატლანტიკური გზით სვლა აკრძალულია. არ ვიცი, ეს როდის მოხდა – 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ?– ამბობს „ანალიტიკა“–სთან თედ ჯონასი – შესაძლოა ეს პროცესი 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაჩქარდა – არსებობს ამ მოსაზრების მხარდამჭერი ანალიზიც. შესაძლოა. თუმცა, აჩქარების პიკს ნამდვილად რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე მიაღწია. რა თქმა უნდა, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ჩემი შეფასება ასეთია“.

გადაცემის ავტორისა და წამყვანის რეპლიკაზე – ამასობაში, ის რაც საქართველოსთვის შესაძლოა გრძელვადიანი შესაძლებლობა იყო, ამ ომის ფონზე უცებ ძალიან ხელშესახები გახდა – მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება – თედ ჯონასი ამბობს, კრემლმა, უფრო გვიან, მაგრამ საქართველოსთან მიმართებითაც უკრაინასთან ერთხელ უკვე გამოყენებული ტაქტიკა აირჩია. „ვფიქრობ, როგორც იანუკოვიჩის წინაშე გაავლო წითელი ხაზი კრემლმა 2013–2014 წლებში და უბრძანა იანუკოვიჩს, რომ დაევიწყებინა ევროატლანტიკური ასპირაციები – ჩვენს შემთხვევაში, ეს უფრო გვიან, მაგრამ მაინც მოხდა“ – ამბობს თედ ჯონასი.

თედ ჯონასის ანალიზით, ორი ძირითადი მიზეზია, რატომაც დღეს ქართული ოცნება საქართველოს ევრო–ატლანტიკური ასპირაციების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. ერთი ის არის, რომ „ბიძინა ივანიშვილს მოსწონს არაფორმალური მმართველობა, საქართველო მისი დომეინია. ის აქ თავს კომფორტულად გრძნობს და შეიძლება მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება“ – შესაბამისად, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც მთლიანად კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ მმართველობას ეფუძნება.

მეორე მიზეზი, თედ ჯონასის თქმით, შიშია, რომ რუსეთი საქართველოში ომს დაიწყებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო წევრს ამის ერთ მაგალითად სწორედ ანაკლიის პორტისა და ქალაქის პროექტი მოჰყავს. „ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მთავრობამ რუსულ დაშინებას უპასუხა და ეს პროექტი ამიტომაც ჩაშალა“ – ამბობს თედ ჯონასი „ანალიტიკა“–სთან.

თედ ჯონასს მიაჩნია, რომ დღეს შექმნილ გლობალურ ვითარებაში რუსული აგრესიის შიში სიმხდალის გამოვლინებაა: „შიშის გამო აკეთებენ იმას, რაც რუსეთს უნდა – ამბობს თედ ჯონასი – მგონია, რომ რუსეთის მთავრობასთან ამ თემაზე კომუნიკაციაც აქვთ. აქ ვიყავი 2008 წლის ომის დროს. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მოწყვლადია ეს ქვეყანა რუსეთის პირისპირ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საუკეთესო ჯარი ეყოლება და იმ სიტუაციაშიც კი, როგორშიც დღეს რუსეთია – დასუსტებული – ისინი მაინც გადაუვლიან ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ის ძალიან მცირე ზომისაა. ჩვენ რაც შეგვიძლია ის არის, რომ ძლიერი ჯარი გვყავდეს – რომელიც სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს რუსულ აგრესიას, და რომლის ჩაყლაპვაც ადვილი არ იქნება – როგორც ეს ბალტიის ქვეყნების შემთხვევაშია“.

თედ ჯონასს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ღირსებით დაიცვას საკუთარი სუვერენობა, დამოუკიდებლობა და ევროპული ასპირაციები ისე, რომ არ მოუწიოს ომი რუსეთთან. „ამას ვხედავთ ჩვენ მოლდოვას შემთხვევაში, ეს ჩანს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებშიც – ასეთ განცხადებებს უნდა აკეთებდეს დღეს მთავრობა. გაქვს თუ არა ღირსება? ეს არის სინამდვილეში მთავარი კითხვა. დაიცავ ამ ღირსებას ისე როგორც შენ მიგაჩნია სწორად? მე ფსონს იმაზე ვდებ, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთი ვერ შეძლებს შემოჭრას საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი თავს უფრო კომფორტულად რუსულ ორბიტაზე გრძნობს, ამიტომ ეს ნარატივი – შიშის ნარატივი –მის ფუნდამენტურ სურვილებს ძალიან კარგად ეხმიანება“ – ამბობს ჯონასი.