მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივენთები გავმართეთ... შრომის ინსპექციას სერიოზული შენიშვნები არ აქვს - ღამის კლუბები

61d575dc9792e
ნინი ლონგურაშვილი
05.01.22 14:38
1126
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 31 დეკემბრიდან ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით.

bm.ge დავით ლეჟავას, საღამოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების კავშირის (Art4culture) ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მისი თქმით, კლუბებმა უკვე უმასპინძლეს ღონისძიებებს, რომლებიც მუდმივად მოწმდებოდა შრომის ინსპეციის მიერ და მათ მხოლოდ რამდენიმე მცირე ხარვეზი გამოავლინეს, რისი გამოსწორებაც კლუბების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს.

“საახალწლო ივენთებმა რეგულაციების სრული დაცვით ჩაიარა და შემიძლია ვთქვა, გამართული ღონისძიებებით ჯამში კმაყოფილი ვარ. აბსოლუტურად ყველა კლუბი და ღამის სივრცე შეამოწმა შრომის ინსპექციამ, ხარვეზები რაც გამოავლინა, ეს იყო მცირე, ფაქტობრივად უმნიშვნელო. ამ საკითხთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლები უკვე შევხვდით შრომის ინსპექციის გუნდს და გამოსწორებაზე დავიწყეთ მუშაობა“, - ამბობს, დავით ლეჟავა.

bm.ge-ს კითხვაზე, თუ რა სახის ხარვეზები გამოვლინდა, ლეჟავა პასუხობს, რომ ხარვეზები იყო ძირითადად ტექნიკური და კლუბების წარმომადგენლებს უკვე მისცეს დავალება, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს.

“ხარვეზებს ვეძახი მინიმალურს, ეს არ ეხება კოვიდ-რეგულაციების დარღვევას, ძირითადად ეს იყო ტექნიკური გაუმართაობა. მაგალითად, ერთ-ერთ კლუბში არ იყო სწორად ჩამოკიდებული დეზობარიერი. სხვა კლუბში არ მოგვეწონა, ადამიანების მთვლელი სისტემა და უკვე ვუთხარით კლუბის წარმომადგენლებს, რომ აპარატი შეცვალონ. კიდევ ერთ კლუბში გამწოვის სისტემა ერთ მხარეს არ მუშაობდა კარგად და ამის გამოსწორების დავალებაც გაცემული გვაქვს. იდეაში სერიოზული შენიშვნა შრომის ინსპექციას არ ჰქონია, რისთვისაც კმაყოფილები ვართ“, - უთხრა bm.ge-ს საღამოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების კავშირის (Art4culture) ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ადამიანების რაოდენობას ივენთებზე, ლეჟავა ამბობს, რომ კლუბებს ახალი წლის ღამეს მცირე რაოდენობის მომხმარებელი ჰყავდათ.

“ჩვენ კვლევის მექანიზმი არ გაგვიკეთებია, ახლა ამას ვერ ვიტყვით, თუმცა შიდა ბაზაში მოკვლევის შედეგად ვირუსის გავრცელება არ ფიქსირდება. მთელი ღამის განმავლობაში ივენთები სრული სიმკაცრით კონტროლდებოდა. შრომის ინსპექციის 2 კაციანი ბრიგადები ერთ ღამეში 18 ადგილას 3-3-ჯერ ამოწმებდნენ ვითარებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, ღონისძიებებმა რეგულაციების სრული დაცვით ჩაიარა და ვირუსის გავრცელების საშიშროებაც მინიმალურია. რაც შეეხება რაოდენობას, ცოტა უცნაური ახალი წლის ღამე იყო, 31 დეკემბრის და 1 იანვრის ღამეს ადამიანების რაოდენობა მცირე მოვიდა. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ უმეტესობა სახლში შეხვდა. თუმცა 2 იანვრის ღამეს იყო ისეთივე რაოდენობა, როგორც წინა წლებში გვყავდა”, - გვითხრა დავით ლეჟავამ.