მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან ოქტომბრამდე შინამეურნეობების 6%-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური

61a788fcbcf74
მარიამ ვარადაშვილი
01.12.21 23:20
472
საქსტატის ინფორმაციით, შინამეურნეობების 5.8%-ში ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრის პერიოდში. დასახლების ტიპის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 6.7%-ია საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის, ხოლო 4.6%- სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის ივლისიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 16.1%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 16.3%-ს, ხოლო სოფლად 15.9% შეადგენს.

შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (44.6%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (9.1%), შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.7%), კომპანიის/ ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი (6.3%), გარემოება, რომ შინამეურნეობის წევრს დაუდასტურდა COVID-19 და ვერ მუშაობდა (4.8%).

საქსტატის ეს კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განისაზღვრა 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 963 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 033 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. გამოკვლევის მეხუთე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის ოქტომბერში.