08.მაისი .2020 11:37

ივლისიდან Qatar Airways საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება

views 2022
უკან

კატარული ავიაკომპანია Qatar Airways საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას routesonline ავრცელებს. ავიაკომპანიამ COVID-19-ის ფონზე შეწყვეტილი ფრენების აღდგენის განრიგი შეადგინა, რომელიც ივნის-აგვისტოზეა გათვლილი.

არსებული გრაფიკიდან ირკვევა, რომ Qatar Airways საქართველოს მიმართულებით ოპერირებას, სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან შეუდგება და დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, ერთი თვის განმავლობაში, ოპერირებას კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. ხოლო 1 აგვისტოდან Qatar Airways აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას კვირაში 5 სიხშირით დაუბრუნდება.

კატარული ავიაკომპანია Qatar Airways საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია დოჰა-თბილისი-დოჰას მარშრუტზე კვირაში 18 სიხშირით ოპერირებდა.

საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით კი Qatar Airways-ის წილი 2019 წელს 3%-ს შეადგენდა, 2018 წელს 2%-ს, ხოლო 2017 წელს კი 3%-ს.

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, თუმცა მანამდე საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწევთ. უფრო კონკრეტულად კი საჭირო და აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, როგორც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, ისე აეროპორტებში.

უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან ოპერირების განახლებაზე და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე. ასევე დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობაში საქართველოს ინტეგრირება და ამ ფონზე საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია "საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი" - წარმოება.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მესამედ, 23 მაისამდე გადაავადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი განახლებული NOTAM-ის გამოცემა, მას შემდეგ დასჭირდა რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა