მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში მარცვლეულის ფასის ინდექსის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაა - FAO

62f244890b1f7
მარიამ ვარადაშვილი
09.08.22 17:46
1216

FAO-ს მონაცემებით, სურსათზე ფასები ივლისში გლობალურად შემცირდა. FAO Food Price Index -მა ივლისში, საშუალოდ, 140.9 ქულა შეადგინა და ივნისის შემდეგ 8.6%-ით იკლო. უკვე მეხუთე თვეა მიყოლებით, რაც აღნიშნული მაჩვენებელი მცირდება, მას შემდეგ, რაც მან რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის მიუხედავად, წლევანდელი ივლისის ინდექსი, 2021 წლის ივლისთან შედარებით, 13.1%-ით მაღალია. 

ორგანიზაციის ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს. 

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი გასულ თვეში 11.5%-ით დაეცა, თუმცა გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 16.6%-ით აღემატება. ფასები ინდექსში შემავალ ყველა ტიპის მარცვლეულზე შემცირდა და ეს, ნაწილობრივ, შავი ზღვის საკვანძო პორტებიდან ექსპორტისთვის ბლოკის მოხსნის შესახებ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმებამ გამოიწვია. 

ნაწილობრივ კი, მარცვლეულის ფასების შემცირებაზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სეზონურმა მოსავალმა იმოქმედა. 2022 წლის განმავლობაში პირველად, შემცირდა ფასები ბრინჯზეც. 

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, 19.2%-ით შემცირდა. პალმის ზეთის ფასმა იკლო ინდონეზიიდან დიდი საექსპორტო შესაძლებლობების გამო; რაფსის ზეთის ფასებზე აისახა ახალი მოსავლის პერსპექტივა; სოიოს ფასი დაბალი მოთხოვნის გამო დაეცა. საგრძნობლად დაეცა ფასები მზესუმზირის ზეთზეც, რომლის მიზეზიც გლობალურ იმპორტზე მოთხოვნის შემცირებაა, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე ლოგისტიკური სირთულეების მიუხედავად. 

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 3.8%-ით იკლო, რომელსაც წინ უძღოდა გლობალური ეკონომიკის შენელებასთან დაკავშირებული მოლოდინი, ბრაზილიური რეალის გაუფასურება და ეთანოლის ფასის შემცირება, რაც ბრაზილიაში შაქრის წარმოების გაზრდაში აისახა. 

FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა, შესუსტებული სავაჭრო აქტივობის ფონზე, ივლისში 2.5%-ით იკლო, თუმცა გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 25.4%-ით აღემატება. 

FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი ივლისში ასევე 0.5%-ით შემცირდა, რომლის მიზეზიც მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ცხვრისა და ღორის ხორცზე შესუსტებული მოთხოვნა იყო. მათგან განსხვავებით, ყველა დროის მაღალ ნიშნულს მიაღწია ფრინველის ხორცზე ფასმა.