მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 76%-ით შემცირდა

5f3d05259c4af
შოთა ტყეშელაშვილი
19.08.20 14:30
1111
ავტომობილების რეექსპორტი არის დარგი, რომელზეც COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გავლენა იქონია. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში საქართველოდან უცხოეთში მხოლოდ $14.45 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $45.8 მილიონი დოლარით, ანუ 76%-ით ნაკლებია. 

ცალკეული ქვეყნების მიხედვით კლება ასეთია:

აზერბაიჯანი - ექსპორტი $8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 63%;
უკრაინა - ექსპორტი $211 ათასი დოლარი, კლება წინა წელთან 97%;
სომხეთი - ექსპორტი $200 ათასი დოლარი, კლება წინა წელთან 99%.

რაც შეეხება ჯამურად, იანვარ-ივლისის პერიოდს, ამ დროის განმავლობაში საქართველოდან $198 მილიონის ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, რაც 2019 წელთან შედარებით 42.2%-ით ნაკლებია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი მაღალი ტემპით გაიზარდა. 2019 წლის განმავლობაში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მთელი 68%-ით გაიზარდა და მან $686.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 

2014 წლამდე ავტომობილები საქართველოს წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო. 2007 - 2013 წლებში ავტომობილებით ვაჭრობიდან შემოსული ბრუნვა გაათმაგდა და 2007 წელს $70 მილიონიდან 2013 წელს უკვე $700 მილიონზე მეტი შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ავტოდილერების რაოდენობაც, ათასობით ადამიანს ავტომობილების უცხოეთში გაყვანით შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდა.

2014 წლის ბოლოს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში დაწყებული სავალუტო კრიზისის გამო ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. ამას დაემატა აზერბაიჯანის მიერ ევრო 4-ის სტანდარტის შემოღება და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაც. თუმცა, 2017 წლიდან ვითარება გაუმჯობესდა და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის დარგი კვლავ დაწინაურდა.