მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთის მიერ ქართული ღვინის დაწუნების შემთხვევები ისევ არის

5d7df0ba248b1
დავით ჯალაღონია
15.09.19 12:03
891
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას ინფორმაციით, ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა და ღვინის ინდუსტრია რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ემბარგოზე ალაპარაკდა, ქართული ღვინის დაწუნების ტენდენცია გარკვულწილად ისევ გრძელდება.

"რაღაც ერთეული შემთხვევები არის და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ემბარგო ნამდვილად არ არის და იმ რვა კომპანიასაც გახსნილი აქვს რუსეთის ბაზარი და იქ ქართული ღვინო შედის, ყველაზე მთავარი, რაც ამ განცხადებებმა და მოვლენებმა გააჩინეს, არის სიფრთხილე, ფრთხილი მოლოდინები. აქედან გამომდინარე, თვითონ ჩვენი კომპანიებიც ცდილობენ ბაზრების დივერსიფიცირებას, რომ ნაკლებად იყვნენ ერთი კონკრეტული ბაზრის მიმართულებით დამოკიდებული. იგივე შეინიშნება იქაური იმპორტიორების მხრიდან, შედარებით ნაკლებად ხდება შეკვეთების ზრდა და ეს მომენტებია ძირითადად ამ ეტაპზე, თუმცა მეტნაკლებად სტაბილურობა შეიმჩნევა", - განაცხადა ლევან მეხუზლამ BM.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელა, რუსული ავიასანქციების დაწესების პერიოდში. ეს კომპანიებია "სს ბაგრატიონი 1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი", შპს "ქართული ღვინის კორპორაცია", "ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები" და შპს "ბატონი".

სააგენტოში ამბობენ, რომ 2014-დან 2018-წლამდე პერიოდში 2.9-ჯერ გაიზარდა იმ ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რიცხვი, რომელიც მათ მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ამის გამო ისინი ქართულ პროდუქციაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებენ.