მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან 38 მილიონი ლარით შემცირდა

5f15ba4619167
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.20 19:50
1011
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2020 წლის ივნისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობამ 37.75 მილიონი ლარით ანუ 11.4%-ით იკლო და მხოლოდ 294.2 მილიონი ლარი შეადგინა.

დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა ქვეყანაში ბიზნეს სექტორის ბრუნვასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, წლიურ ჭრილში მისი 11.4%-ით შემცირება კი, ივნისში ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ ვარდნაზე მეტყველებს. 

სწორედ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვას ეფუძნება საქსტატის შეფასება ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის შესახებ. მაისში ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა 13.5%-ს შეადგენდა, ივნისის ეკონომიკური ზრდის შესახებ კი, 31 ივლისს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, დღგ-ის 11.4%-იანი შემცირების გამო, ივნისის ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი არ იქნება ისეთივე დრამატული, როგორც ეს მაისში იყო.

გასული თვის განმავლობაში დღგ-ის მსგავსად შემცირდა საშემოსავლო და მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალიც: 

ივნისში ბიუჯეტის შემოსავლმა საშემოსავლო გადასახადიდან 197 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.4%-ით ნაკლებია. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადების კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის შემცირებაზე მიანიშნებს.

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ქვეყანაში 20%-ია და მას ძირითადად კონტრაქტით დასაქმებული პირები იხდიან. COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, ფინანსთა სამინისტროს 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე ათასმა ადამიანმა მიმართა, შესაბამისად მათ ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავსუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადიდან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

მოგების გადასახადის მოცულობამ კი, ივნისში 32.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიონი ლარით ანუ 56%-ით ნაკლებია.