მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა

5f23c433c3b39
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.20 11:05
792
ივნისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.7%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველ 6 თვეში კი საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 5.8% შეადგინა.

"2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ივნისში დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 6.2%-ით არის შემცირებული.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკის ვარდნის მიზეზებზე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კლება სექტორების უმრავლესობაში იყო. 

"მშენებლობის სექტორში კლება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობების მიმართულებით. გუშინ ჩვენ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია 6 თვის განმავლობაში გაცემული სამშენებლო ნებართვების და ექსპლოატაციაში მიღებული შენობების შესახებ, რომლის მიხედვითაც 17%-ით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით მშენებლობებზე გაცემული ნებართვები, უფრო მეტად 27%-ით არის შემცირებული გაცემული ნებართვების ფართობები. ყველაზე მეტი შემცირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის, სადაც დაახლოებით 50%-ით შემცირდა გაცემული ნებართვების რაოდენობა.

რაც შეეხება ექსპლოატაციაში მიღებული შენობების რაოდენობას, ის 35%-ით არის შემცირებული, გარდა ამისა 22%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, თუმცა, ივნისში 45%-ით გაიზარდა ცემენტის იმპორტის რაოდენობა, რაც გარკვეულად იმედისმომცემი მაჩვენებელია.

ივნისში დაახლოებით 80%-ით შემცირდა ფეროსილოკონ მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე აღსანიშნავია წარმოების მოცულობის შემცირება მინერალური წყლების წარმოების მიმართულებით, შესაბამისად 36%-ით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი.

ინისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რაც ტურიზმის სექტორში კლების მიზეზი იყო. ტრანსპორტის სექტორში კლება დაკავშირებულია საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან.

კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების გართობის და დასვნების სექტორებში, რაც დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან დაახლოებით 85%-90%-ით არის შემცირებული მსგავსი ტიპის კომპანიების ბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებით სექტორში, რაც დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან. ასევე დადებითი ტენდენციები იყო წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სექტორში,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრიფინგი ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით: