მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 10%-ით გაიზარდა

62d92476cf09c
მარიამ ვარადაშვილი
21.07.22 14:06
621

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი ივნისში მაისთან შედარებით, 7,5%- ით გაიზარდა. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7,6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების 9,8%-ით შემცირდა.

რაც შეეხება წლიურ ზრდას, ივნისში 2021 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10,2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8,4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15,2%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭასა (23,1%) და კახეთში (12,9%), ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში (-32,3%) იყო. 

ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 245 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივნისში 110 ლარი შეადგინა.

5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ივნისში 519 ლარი იყო. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 702 ლარი შეადგინა, კახეთში - 575, თბილისში - 568, ხოლო აჭარაში - 552 ლარი.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.