28.ნოემბერი .2019 10:00

იწუნებს თუ არა ტიკარაძე სერგეენკოს “ხელგაშლილობას”? - ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია

views 378
უკან

2013 წლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდა იყო. 6 წლის განმავლობაში ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელშიც ყველაზე დიდი თანხა იხარჯებოდა და დღემდე იხარჯება. პრაქტიკულად, არ ყოფილა წელი, როდესაც პროგრამას ბიუჯეტიდან თანხების დამატება არ დასჭირვებია. გამონაკლისი სავარაუდოდ, არც 2019 იქნება. რამდენად ეფექტურად იხარჯებოდა მილიარდები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამაზე კითხვა ბევრ სპეციალისტს აქვს.

როგორც ჩანს, კითხვები აქვს სერგეენკოს შემცვლელ ეკატერინე ტიკარაძესაც. სულ რამდენიმე კვირის წინ მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმა წარადგინა. მალევე ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელმაც ტიკარაძის სიტყვა საქმედ აქცია და საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ახალი ფასები კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტით დაადგინეს. თუმცა, ფაქტია დღეს პრეტენზია უამრავ სამედიცინო დაწესებულებას აქვს. ისინი ამბობენ, რომ სამინისტროს მიერ დადგენილი ტარიფები არათუ პერსონალის ხელფასებს თუ სხვა არაპირდაპირ ხარჯებს, არამედ მედიკამენტების ხარჯებსაც ძლივს ფარავს.

რატომ შეცვალა პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფად და კლინიკებთან სიღრმისეული კომუნიკაციის გარეშე და ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯები იმას, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს პოლიტიკა არასწორი იყო. BM.GE-ის ამ შეკითხვაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობს. მისი თქმით, სერგეენკოს პოლიტიკა იმ პერიოდისთვის სწორი იყო, რამდენადაც სახელმწიფოს სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, დღეს კი, “სწორი დროა” იმისთვის, რომ ვექტორი შეიცვალოს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უფრო “მიზნობრივი და ეფექტური” გახდეს.

“პოლიტიკა, რომელიც 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სახით ამოქმედდა, მიმართული იყო იმ დაგროვილი სამედიცინო საჭიროებების პასუხზე, რაც წლების მაძილზე ქვეყანაში არსებობდა. ეს პოლიტიკა იმ დროისთვის და მომდევნო მრავალი წლის მანძილზე იყო ცალსახად სწორი და ამას ადასტურებს ჯიბიდან გადახდების შემცირება. მოსახლეობამ რეალურად იგრძნო ამ პროგრამის სიკეთე.

თუმცა, პროგრამის ხელგაშლილობამ ხელი შეუწყო ძალიან ბევრი ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაჩენას. სხვა ქვეყნები ამას აბალანსებენ საჭიროების სერთიფიკატის საფუძველზე ანუ მარეგულირებელი ამბობს, რომ აქ კლინიკის გაჩენა საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა - იქ. ამგვარი რეგულაცია ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა. 2013 წელს პროგრამას დახვდა სრულიად დერეგულირებული ჯანდაცვის ბაზარი. ეს 6-7 წელი მოხმარდა იმას, რომ ეტაპობრივად შემოვიდა ახალი რეგულაციები, ეს რეგულაციები დღეს კიდევ იხვეწება, რომ მეტად მაფიო გავხადოთ ხარისხობრივი ნაწილი და არა ის, რომ ამდენი დაგროვილი საჭიროებაა და რამენაირად მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა პაციენტმა მიიღოს სერვისი.

დღეს დადგა მომენტი, როცა უნდა ვიფიქროთ ეფექტურობაზეც ანუ თანხა, რომელიც იხარჯება უნდა იყოს მეტად მიზნობრივი. უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული საბოლოო მიმღებზე ანუ მოქალაქეზე. აქამდე ეს ვერ მოხერხდებოდა, დღეს არის სწორი დრო, რომ შევიცვალოთ ვექტორი და შემოვიტანოთ მეტად ხარისხობრივი და ფასის რეგულირების ელემენტები. სრულიად დერეგულირებულ ბაზარზე ამდენი სამედიცინო საჭიროების პირობებში ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.