მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იხურება თუ არა ევროპაში მთის კურორტები?

5fc68b024158a
მარიამ ადამია
02.12.20 00:10
1888
ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტები საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში საშობაო არდადეგებზე არ გაიხსნება, ანუ ზამთრის ტურისტული სეზონი ამ ქვეყნებში 2021 წლის იანვრის ბოლომდე დახურული იქნება. ასევე არაა გამორიცხული კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით, ეს შეზღუდვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე გავრცელდეს. საფრანგეთის მასშტაბით სრული ლოქდაუნის შემდეგ, პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა 20 იანვრიდან იგეგმება, თუმცა ამ დროსაც კი შესაძლოა მთის კურორტები დახურული იყოს. ამის შესახებ CNN წერს.

ამიტომაც ის ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებს გამართავს, რათა ალპებში ზამთრის სეზონის დაწყების საერთო თარიღებზე შეთანხმდნენ. და თუკი მხოლოდ ზამთრის კურორტების დახურვის ეკონომიკურ შედეგებს დავითვლით, ეს საფრანგეთს 10 მილიარდი დაუჯდება, რადგან ქვეყანაში 300-ზე მეტი მთის კურორტია, სადაც 120 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ოქტომბრის ბოლოდან სრულ ლოქდაუნში იმყოფებოდა. 15 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 7 საათამდე გრძელდება, თუმცა ის არ გავრცელდება შობის ღამეს.

ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის სრიალისა და მთაში დასვენების უფლება შეზღუდა იტალიამაც, რომელიც საფრანგეთის მსგავსად მილიარდობით ევროს ზარალს ითვლის ალპებსა და დოლომიტენში კურორტების დღესასწაულებზე ჩაკეტვით. თუმცა პარალელურად, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი კონსენსუსამდე მივა და ყველა ქვეყანა ჩაკეტავს ზამთრის კურორტებს, იმისათვის, რომ მათივე მოქალაქეებმა, ანუ იტალიელებმა არ დაიწყონ მოგზაურობა და შემდეგ სამშობლოში არ ჩაიტანონ ინფექცია. ცნობისთვის, იტალიის არაერთი სათხილამურო კურორტი, მათ შორის ვალე-დ’აოსტა, პიემონტი და ლომბარდია უკვე მკაცრი შეზღუდვების ქვეშ იმყოფება და კვლავ დაკეტილია.

გერმანიაც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გადაწყვეტილებას, ზამთრის ტურისტული სეზონის დახურვასთან დაკავშირებით იზიარებს და მხარს უჭერს. თუმცა, შეზღუდვებს არ ეთანხმება და შესაბამისად არ ემორჩილება ავსტრია, რომლის მთავრობაშიც აცხადებენ, რომ მათ აქვთ საშუალება კურორტებზე შეინარჩუნონ და დაიცვან უსაფრთხოების ზომები. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს შეზღუდვებთან დაკავშირებით შვეიცარიას, რომელიც ტურისტებს უკვე იღებს.

ამასთან, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოქალაქეებს არ იმოგზაურონ მეზობელ ქვეყნებში ზამთრის მთის კურორტებზე დასასვენებლად და სასრიალოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამშობლოში მათ მკაცრი 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. საშობაოდ სათხილამურო კურორტების გახსნას აანონსებს ესპანეთიც. ხოლო შვედეთსა და ნორვეგიაში ჯერ ზუსტად არ არის მიღებული გადაწყვეტილება გახსნასთან დაკავშირებით.