მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყო შემთხვევები, როცა ტურისტებმა ჩამოსვლა "კომენდანტის საათის" გამო გადადეს - Wonderland

60952e12e76d8
ინგა მურუსიძე
07.05.21 23:17
601
ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი ზაფხულის სეზონისთვის მზადებასა და მოლოდინებზე საუბრობს.

როგორც ის bm.ge-ს უყვება, Wonderland როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურებზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით განსაკუთრებული მოთხოვნა არც ერთი მხრიდან არ არის.

"მუშაობა დავიწყეთ ნაწილობრივ, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით, სად რომელი მდგომარეობა იქნება, ჯერჯერობით ნაწილობრივ ავმუშავდით. რაღაც ჯავშნებსაც ვიღებთ რა თქმა უნდა, თუმცა რაიმე სერიოზულ ნაკადებზე საუბარი არ არის, არც შემომყვანი და არც გამყვანი მიმართულებით.

ჯერჯერობით გასვლაზე ბევრად ნაკლები მოთხოვნაა, ვიდრე შემოსვლაზე. შემომყვანის მხრივ უფრო აქტიურია ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა, ყაზახეთი, არაბული ქვეყნებიც", - განაცხადა მან.

რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტარიფები რადიკალურად არ გაძვირებულა და პირიქით, მაღალი კონკურენციის გამო, მაგალითად სასტუმროების ფასები შემცირდა კიდეც.

"ფასები არ გაძვირებულა, აქ ძირითადად ინფლაციის პრობლემაა, თორემ სასტუმროების მხრივ დიდი კონკურენციაა და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონკურენტუნარიანი ფასი მივიღოთ. მგზავრობის საფასური შეიცვალა ალბათ, რადგან იაფიანი ავიაკომპანიების რეისები ნაკლებად გვაქვს. ამას დაემატა ტესტების საფასურიც და ა.შ. რეალურად, პროდუქტი ნამდვილად გაძვირებულია, რადგან რიგ სერვისებზე ფასები შეიცვალა, თუნდაც კურსის ცვალებადობის გამო", - განაცხადა მან.

ქეთი დოჭვირი შემომყვანი ტურიზმისთვის მნიშვნელოვან პრობლემად "კომენდანტის საათს" ასახელებს.

"ჯავშნები გვაქვს რეალურად ზაფხულისა და შემოდგომისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ მაგ დროისთვის კომენდანტის საათი აღარ იქნება, შემაფერხებელია ეს რა თქმა უნდა, რადგან ამ ეტაპზე იყო შემთხვევები, როცა ჯავშნები გადაიდო იმის გამო, რომ კომენდანტის საათია ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ქეთი დოჭვირმა.

ზოგადად, ტურისტულ სექტორს წელს ოდნავ უკეთესი სეზონის ჩატარების იმედი აქვს, ვიდრე 2020-ში იყო.

"იმედი გვაქვს, ეს იქნება საწყისი შემდეგი სეზონისთვის, როცა უკვე ნორმალურ ტურიზმზე შეიძლება ვისაუბროთ. ამ ეტაპზე პირველი ნაბიჯები იდგმება და ვფიქრობ, უკეთესად გავივლით ვიდრე 2020 იყო, როცა არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა, ხოლო ახლა ავიარეისები ემატება და უკვე დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც აგრძელებენ ფრენას", - აღნიშნა მან.