მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იზოლაცია სასტუმრო Iveria Inn-ში - პანდემიის გამო Inn Group ოპერირების ახალ მოდელზე გადადის

5fb7b14481116
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 18:44
1550
სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ი ადგილობრივებისთვის ახალ კამპანიას იწყებს „გაუფრთხილდი საყვარელ ადამიანს“, რაც ახალი კორონავირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის პასუხის გაგებამდე თბილისში მდებარე სასტუმრო Iveria Inn-ში განთავსებას, სამჯერად კვებას და ექიმის მომსახურებას მოიცავს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა, აღნიშნული იდეა ჯგუფში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკარანტინე სივრცეებმა აქტუალობა დაკარგა, ხოლო ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც იზოლაციისთვის საჭირო სივრცე, ან ფართი არ აქვს, პრობლემები შეექმნა.

„ადამიანებს, რომლებსაც თვითიზოლაციაში გადასვლისთვის არ აქვთ ადგილი, ვთავაზობთ თბილისში 200 ნომრიანი სასტუმრო Iveria Inn-ში განთავსებას. ეს არ იქნება კარანტინი.

სასტუმროს გავყოფთ ორ ფლიგელად. პირველ ფლიგელში ვეპატიჟებით ხალხს, რომელსაც რაღაც სიმპტომები აქვს და არ იციან COVID-19-ით არიან ინფიცირებულები, თუ არა. ვიცით, რა რთულია დამოუკიდებლად ტესტის აღება. ჩვენთან განთავსების ღირებულება იქნება 77 ლარი, რაშიც შევა 3-ჯერადი კვება, კომფორტული გარემო და ექიმის მომსახურება. მოვიყვანთ ლაბორატორიას, ავუღებთ ანალიზს, რაშიც მოქალაქე 130 ლარს გადაიხდის და მეორე დღეს ვეტყვით პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფიცირებული გადავა კოვიდსასატუმროში (ეს არის სახელმიწიფოს გამოცემული კანონი). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სურვილისამებრ ან დარჩება ჩვენთან გამოჯანმრთელებამდე, ან დაბრუნდება სახლში.

მეორე ფლიგელს ჩვენს თანამოქალაქეებს ოჯახის წევრების გამოსარიდებლად შევთავაზებთ, ხშირად მთელი ოჯახი ინფიცირდება კოვიდით და მხოლოდ მის ერთ ან ორ წევრს არ აქვს დაავადება. ოჯახის ჯანმრთელი წევრი შეძლებს ჩვენს კომფორტულ სასტუმროში გადმოსვლას, სადაც იქნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იქნება უზრუნველყოფილი კვებით. ის ვალდებული იქნება დაიცვას ყველა რეგულაცია და იაროს სამსახურში. ამ შემთხვევაშიც ფასი 77 ლარი იქნება. ორი ადამიანი ერთად ერთ ოთახში კი 95 ლარი”, - განმარტავს ერეკლე კოკაია.

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს კომფორტული შემოთავაზებაა და ამით კომპანია არამხოლოდ მოქალაქეებს აძლევს იზოლირების ალტერნატიულ გზას, არამედ შეძლებს, რომ შეინარჩუნოს თავისი თანამშრომლები და სასტუმროს აქტიურობა.

„ეს ნაწილობრივ სოციალური პროექტია, ძალიან დაბალი ფასია. კამპანია ხალხის დასახმარებლად, კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წვლილი შესატანად წამოვიწყეთ. ამასთან ამით თანამშრომლებიც არ დაგვრჩებიან შემოსავლის გარეშე. ჩვენ პირველი დღიდან ჩართული ვართ კოვიდის წინააღმდებ ბრძოლაში ოთხი სასტუმროთი და დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ყველა რეგულაციას და შესაბამისად ჩვენთან უსაფრთხოა“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.