მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იზოლაციაში მყოფმა პირმა თამბაქოსა და ალკოჰოლისგან თავის უნდა შეიკავოს - მთავრობის დადგენილება

5eca2ee87f2fb
BM.GE
24.05.20 12:19
1288
იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება,- ამის შესახებ საუბარია მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და არეგულირებს იზოლაციისა და კარანტინის წესებს საქართველოში.
მე-12 მუხლი იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობებს ეხება, სწორედ აქ არის საუბარი ალკოჰოლსა და თამბაქოს შეზღუდვაზე.

იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები

1. იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება.

2. დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა.

3. საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით.

4. იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით.

5. იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით).

6. იზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი ასევე შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა სამსახურებმა.

7. იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.

8. იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.

9. იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.

10. იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.

მუხლი 13. ამ თავით გათვალისწინებული წესების კონტროლი

ამ თავით დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.