14.ოქტომბერი .2021 23:00

„ჟაბო“ - რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპ-სამკერვალო

„ჟაბო“ - რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპ-სამკერვალო
views 691
უკან

ექვსი თვის წინ, ლოქდაუნის პირობებში დებმა ანა და ციცი მწელიშვილებმა საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს და დიდი ხნის წინათ გაჩენილი ერთობლივი იდეა რეალობად აქციეს. შედეგად სამოსის მწარმოებელი სტარტაპი „ჟაბო“ დღეს ქალბატონებს ნატურალური ქსოვილისგან შეკერილ საღამურებს, შარვალ-კოსტიუმებს და კაბებს სთავაზობს.

როგორც BM.GE-სთან სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა მწელიშვილი ამბობს, დღემდე საწარმოო პროცესების ასაწყობად, ნედლეულის შესაძენად და შესაფერის სეგმენტზე გასასვლელად მცირე მეწარმეებმა დაახლოებით 15 000 ლარის ინვესტიცია ჩადეს და შედეგიც სახეზე აქვთ. სამკერვალო თვიურად 50 ერთეულამდე სამოსს აწარმოებს და ამ მოცულობაზე გაჩერებას არ აპირებს.

„საკუთარი სამკერვალოს გახსნის იდეა დიდი ხანია გვაქვს, თუმცა მისი განხორციელება ექვსი თვეა რაც შევძელით. “ჟაბოს” ჩამოყალიბება დიდი შრომის შედეგია, მაგრამ თვითონ სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. გვინდოდა მარტივი, ჟღერადი, უკვე ნაცნობი და დასამახსოვრებელი სიტყვა მოგვეფიქრებინა, მგონი გამოგვივიდა კიდეც.

დასაწყისიდან დღემდე 15 000 ლარი გვაქვს დახარჯული საჭირო ავეჯისა და ტექნიკის საყიდლად. მაქსიმალურად ვცდილობდით ნაკლები ხარჯით დაგვეწყო, დასაწყისში ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით, ახლა უკვე ორი ადამიანი გვყავს დასაქმებული და ახლო მომავალში გაფართოებას კიდევ ვგეგმავთ“, - იხსენებს ანა მწელიშვილი.

„ჟაბოს“ შემქმნელებისთვის მთავარი ხარისხია, რომლის შენარჩუნება მომხმარებლის მოზიდვას და გაყიდვების ზრდას განაპირობებს.

„ამ ეტაპზე სამოსს მხოლოდ სოციალური ქსელის, „ჟაბოს“ ფეისბუქ გვერდის საშუალებით ვყიდით. ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაა. კარგად გვესმის რამდენად რთულია დისტანციურად ნივთის შეძენა, თუმცა პანდემიამ ეს პროცესები უფრო ბუნებრივი გახადა. ვცდილობთ მომხმარებელს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ და მათი ნდობა დავიმსახუროთ. მომხმარებლის გულის მოსაგებად, ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი იყოს ხელმისაწვდომი, ასევე ვიყენებთ მაქსიმალურად ნატურალურ ქსოვილს და ვკერავთ ხარისხიანად“, - ამბობს მეწარმე.

ანა მწელიშვილი სტარტაპის წამოწყებისას, მცირე ბიზნესისთვის დღეს ბაზარზე არსებულ სირთულეებზე საუბრობს და მთავარ გამოწვევად ნედლეულის სიმცირეს ასახელებს.

„მცირე მეწარმისათვის ძალიან რთულია ქსოვილებისა და ავეჯის შემოტანა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება, საბაჟო ხარჯები, ქსოვილის დეფიციტი ბაზარზე, საბოლოო ჯამში პროდუქტის ღირებულებას ზრდის. საქართველოში კარგი ქსოვილის მოძიება, ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ იძულებული ვართ ნედლეული საზღვარგარეთ, კერძოდ კი თურქეთიდან შემოვიტანოთ“, - აღნიშნავს ის.

მიუხედავად იმისა, რომ „ჟაბო“ ძალებს ახლა იკრეფს და ახალი მომხმარებლის მოზიდვით წარმოების გაფართოებას ცდილობს, კომპანიის დამფუძნებლებს განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმები აქვთ.

„გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ ქალის საღამურებს, კაბებს, პიჯაკებს, შარვლებს ვთავაზობთ, სულ მალე მამაკაცის ხაზის დამატებასაც ვგეგმავთ.

ამასთან, გვინდა სივრცის შექმნა, სადაც მომხმარებელი მოსვლასა და ჩვენი სამოსის ადგილზე მოსინჯვას შეძლებს. ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოდან სამოსის ექსპორტს და სხვა ქვეყნის ბაზრის ათვისებას შევძლებთ, თუმცა ეს უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს „ჟაბოს“ თანადამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა