მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯაფარიძე: აუდიტორული დასკვნა, არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა ტრანზაქციების შესახებ

5db2c0c762521
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.19 13:35
1153
თიბისი ბანკის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით ამბობს, რომ ამ დაწესებულების მეშვეობით საეჭვო ფულადი გადარიცხვები ხორციელდებოდა, ხოლო აუდიტორული დასკვნა, რომელიც ამ ბანკის აქტივების შესახებ მომზადდა, ბანკის აქტივებს ეხებოდა და არა იმ ტრანზაქციებს, რომელსაც "პროგრეს ბანკი" ახორციელდებდა. 

"აუდიტორული დასკვნა არ იკვლევს გადარიცხვებს, გადარიცხვების კვლევის ამოცანა არის კანონით ფინანსური მონიტორინგის და ეროვნული ბანკის საქმე.

აუდიტორული დასკვნა, რომელიც ახლა არის "თიბისი ბანკში", არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც დასკვნა ტრანზაქციების შესახებ, რომელიც ხორციელებოდა ამ ბანკში. ფინანსური მინიტორინგის სამსახურში, რომელსაც ევალება კანონით ყველა გადარიცხვის, მათ შორის ოფშორულ ზონებში გადარიცხვების მონიტორინგი, უნდა ინახებოდეს ყველა ეს გადარიცხვა. ბუცხრიკიძეს კარგად უნდა მოუსმინოთ, მან თქვა - ჩვენთან არის აუდიტორული დასკვნა, სადაც ფულის გათეთრებაზე არ არის საუბარი, იმიტომ, რომ აუდიტორული დასკვნა ეხებოდა აქტივებს და ვალდებულებებს. გათეთრების და ფულის რეცხვის არხი არის გადარიცხვები", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

გუშინ "პროგრეს ბანკის" აქტივების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული დოკუმენტი არის ტექნიკური და კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან. 

“ეს არის “დელოიტის” დოკუმენტი, რომელიც არის ტექნიკური დოკუმენტი და არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას. ეს დოკუმენტი არის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამოწმების ხელშეკრულება, შესაბამისად, ეს დოკუმენტი, როცა ვნახეთ დღეს, დღესვე გადავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს,- განაცხადა ბუცხრიკიძემ. 

24 ოქტომბერს ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ი აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ არავითარი დოკუმენტი, რომელიც "პროგრეს ბანკში" ფულის გათეთრებაზე მიანიშნებს.

"მედიაში დღეს გავრცელებული აუდიტორული კომპანია "დელოიტის" წერილი ეხება სს "თიბისი ბანკის" მიერ სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების შეძენასთან დაკავშირებული გარიგების მომენტში ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხს და არანაირი კავშირი არ აქვს "პროგრეს ბანკის" გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან. 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მედიაში გავრცელებული ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ვითომდა ფულის გათეთრების თემას უკავშირდება, საქართველოს ეროვნული ბანკს არ აქვს. ჩვენ მივმართეთ "თიბისი ბანკს", თუკი მათთან არსებობდა მსგავსი დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაეცათ პროკურატურისათვის და მოეწოდებინათ ეროვნული ბანკისათვის. თუმცა, "თიბისი ბანკმა" დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის მქონე აუდიტორული დასკვნა "თიბისი ბანკს" არ მიუღია და, შესაბამისად, არც გააჩნია. 

ეროვნული ბანკისა და საფინანსო სისტემის მისამართით გამოთქმული მსგავსი უპასუხისმგებლო და მიზანმიმართულად არასწორი განცხადებები წარმოადგენს საფინანსო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.