მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურეება

62697ebd522aa
BM.GE
27.04.22 21:33
1066
ჯანდაცვის ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმიანება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სამინისტროს მიერ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბარი რეპუტაციულ ზიანს ყველა სამედიცინო დაწესებულებას და ჯანდაცვის ასოციაციის თითოეულ წევრს აყენებს.

"ბოლო ორი წლის მანძილზე, COVID-19 პანდემიამ კაცობრიობა მრავალგვარი გამოწვევების წინაშე დააყენა. პაციენტების ჯანმრთელობის მართვის პასუხისმგებლობა მძიმე ტვირთად დააწვა სამედიცინო დაწესებულებებსა და პერსონალს, რომელთაც ყოველწუთიერად უწევდათ ბრძოლა პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. კოვიდ-პანდემიის მართვაში 100-მდე კლინიკა იყო ჩართული, რომელთა უმეტესი ნაწილი “ჯანდაცვის ასოციაციის” წევრია.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული მრავალი ხარვეზის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის პერიოდში. ყველაფრის მიუხედავად, კოლაფსის საფრთხის პირას მყოფმა ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო, რომ პაციენტის ინტერესი მაქსიმალურად დაეცვა სისტემური ხარვეზების უარყოფითი გავლენისა და შედეგებისგან.

ჯანდაცვის მინისტრისა და ცალკეული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გადაჭარბებული საწოლფონდისა და სახელმწიფოს თანხების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ, შესაძლოა მრავალგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს და ეჭვქვეშ დააყენოს კეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალის რეპუტაცია, რომელიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა სხვის გადასარჩენად და ასევე შელახოს სამედიცინო დაწესებულების რეპუტაცია, რომელიც სახელმწიფო რესურსს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

მიგვაჩნია, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან გამოძიების დასრულებამდე, ყოველგვარი მტკიცებულების და დაკონკრეტების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბარი რეპუტაციულ ზიანს აყენებს განურჩევლად ყველა სამედიცინო დაწესებულებას და ჯანდაცვის ასოციაციის თითოეულ წევრს.

ბუნებრივია, პანდემიის მართვის გამოცდილება უცხო იყო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის, სადაც შეცდომა გარდაუვალი იქნებოდა. შეცდომებს სჭირდება გაანალიზება, საზოგადოების სხვადასხვა წევრების ჩართულობა და ჰოსპიტალური სექტორის და სამედიცინო პერსონალის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, რომ მომავალში, რყევების გარეშე მოხდეს ანალოგიურ სირთულეებთან გამკლავება", - ნათქვამია ჯანდაცვის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.