22.თებერვალი .2020 19:10

"ჯანდაცვის დარგში დრამატული ვითარება გვაქვს, გაზაფხულის ბოლოს კიდევ უფრო დამძიმდება"-ექიმი

views 1048
უკან

ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის ვახტანგ კალოიანის აზრით, მთავრობის 520-ე დადგენილების გამო, ჯანდაცვის დარგში დრამატული ვითარებაა და სიტუაცია გაზაფხულზე კიდევ უფრო დამძიმდება.

ამის შესახებ კალოიანმა bm.ge-ის 520-ე დადგენილების ეფექტის შეფასებისას განუცხადა, რომლის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, გუშინ, 21 თებერვალს 37-მა დარგობრივმა ასოციაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მორიგი წერილი გაუგზავნა.

კლინიკების მენეჯერები, დარგობრივი ასოციაციები აცხადებენ, რომ მიუხედავად გასული წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და მისი დავალებით, გასული წლის დეკემბერში საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შექმნისა, სადაც 520-ე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე უნდა ემსჯელათ, საჭიროების შემთხვევაში ტარიფები თავიდან გადაეთვალათ და გადაწყვეტილებები მიეღოთ, კონკრეტული შედეგი არ ჩანს. მეტიც, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს ბოლო სხდომა 10 იანვარს გაიმართა და ის შეხვედრებიც რაც შედგა, ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა.

„საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს და თემატური ჯგუფების ფორმატში გარკვეული შეხვედრები ხდება, თუმცა ცოტა კომიკური ვითარეებაა - გვაქვს ერთი საბჭო, ორი თემატური ჯგუფი, ერთი კიდევ რაღაც ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ერთი კიდევ სხვა საბჭო; მოკლედ, საბჭოს საბჭოები გვაქვს ბევრი, თუმცა რეალური შედეგი, ჯერჯერობით, არ ყოფილა. ანუ არის ძალიან „მრავალმხრივი“, „საინტერესო“ და არაეფექტური ჯგუფების მასიური და ხანგრძლივი შეხვედრები; რეალურად მარგი ქმედების კოეფიციენტი ნოლია.

მრჩება შთაბეჭდლება, რომ რაც მეტ ხანს იქნება ეს საბჭო მით უკეთესი სამინისტროსთვის. დარგისთვის კი, რა თქმა უნდა, დრამატული ვითარება გვაქვს. ჩვენი აზრით, გაზაფხულის ბოლოს ეს კიდევ უფრო დამძიმდება. დღეს მაინც, ჯერჯერობით, კლინიკებს აქვთ გარკვეული რესურსი შემორჩენილი და ახერხებენ ვითარების დაბალანსებას, მაგრამ ეს რესურსი იწურება და ველოდები, რომ გაზაფხულის ბოლოს პაციენტები ძალიან მნიშვნელოვნად იგრძნობენ შედეგს საკუთარ ჯიბეზე და იმედია, არ იგრძობენ ჯანმრთელობაზე.

სამწუხაროდ, სისტემური მიდგომა ისევ არ ჩანს. ისევ ვეძებთ შედეგის მორჩენის გზებს და არანაირად არ ვფიქრობთ, არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გლობალურად ფინანსურ სტაბილურობაზე, არც თვითონ სისტემურ ცვლილებაზე სექტორში. ჩვენ რეალურად, სამწუხაროდ, ვართ იძულებული , რომ სამინისტროს ვესუაბროთ ფულზე და არა კლინიკურ საკითხებზე“, - აცხადებს კალოიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა