13.ივლისი .2020 17:30

ჯანდაცვის კომიტეტი შრომის კოდექსის კანონპროექტიდან შეთავსებით დასაქმებაზე შეზღუდვის ამოღებას მოითხოვს

views 567
უკან

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტიდან იმ ჩანაწერის ამოღებას მოითხოვს, რომელიც რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენლებისთვის შეთავსებით დასაქმების აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა, რომლის ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტზე მიმდინარეობს.

"ჩვენ გვქონდა და გვაქვს შენიშვნები, მაგრამ მინდამ ყურადღება გავამახვილო ერთ პრინციპულ საკითხზე, რომელიც არათუ შენიშვნაა, არამედ პირობაც იმისა, რომ კომიტეტი ამ შემთხვევაში დაუჭერს მხარს დოკუმენტს - ეს ეხება კანონპროექტში მე-16 მუხლის მეხუთე პუნქტს, რომლის მიხედვით იკრძალება რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება. ვფიქრობ, რომ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, რა თქმა უნდა, უმთავრესია ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინება, ეს არის ვალდებულება, რამეთუ დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა შესაძლოა და თითქმის დარწმუნებული ვარ, გაუარესდება.

ასევე, აღნიშნული ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არ აქვს აღებული არც "ასოცირების შესახებ" შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით, ამიტომ ეს რეალობა მინდა გავითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში კომიტეტი დაუჭერს მხარს კანონპროექტს, რამეთუ ძალიან ბევრი ღირებული სიახლეა და ინიციატივა მთლიანად კარგია, თუმცა ამ ნაწილს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით.

რეალობა ეს არის - ადამიანები რამდენიმე სამსახურში, მინიმუმ ორში და ზოგჯერ სამშიც დადიან არა იმის გამო, რომ მათ ჭარბი დრო და ხალისი აქვთ, არამედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათ ძალიან ხშირად აიძულებთ, რომ უფრო მეტად დაიტვირთონ, ვიდრე ეს ერთ სამსახურში იქნებოდა საკმარისი. მესმის, ალბათ უნდა დადგეს ის რეალობაც, რომ ასეთი ჩანაწერი უნდა იყოს და გარკვეულწილად დაიზოგოს შრომა და უსაფრთხოებაც, არათუ პიროვნების, არამედ მეორე პიროვნებისაც, ვისაც ემსახურება, ან აწვდის საკუთარ მომსახურებას, მაგრამ რეალობა დღეს ასეთია - დღეს არ შეიძლება შევზღუდოთ პირი, რომელსაც აქვს საშუალება, შესაძლებლობა და სურვილი, იმუშაოს დამატებით სხვა სამსახურში. ეს მაგალითად აუცილებლად შეეხებათ ექიმებს, რომლებიც ძალიან ხშირად იტვირთავენ თავს სხვისი ჯანმრთელობის გამო და ასევე, რა თქმა უნდა, არ არის დასამალი, რომ ამაში შესაბამის ანაზღაურებას ისინი იღებენ. ეს გარდა სოციალური მდგომარეობის გაუარესებისა, გამოიწვევს გარკვეულ კლინიკებში ასეთი პროფესიონალი ადამიანების დეფიციტს, ამიტომ არგუმენტები საკმარისია, რაც წარმოვადგინე და ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ ეს მუხლი იქნას ამოღებული", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები საქართველოს ბიზნეს ასოციაციასაც აქვს.