მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს კონტროლის კანონის შესახებ BAG-ის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

60ef21e25fefd
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.21 23:40
723
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ საკანონმდებლო წინადადებას „თამბაქოს კონტროლის კანონის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის თვალსაზრისით არსებულ რეგულაციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ისახავდა მიზნად.

BAG-ის საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ქვეყანაში მოქმედებს გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნები სიგარეტის ალტერნატიული და არაწვადი პროდუქტების მიმართ, ვიდრე ამას ევროდირექტივა ითვალისწინებს. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავებული რეგულირება უნდა დაწესებულიყო თამბაქოს ახალი თაობის პროდუქტების ბაზარზე განთავსების და რეალიზაციასთან მიმართებით, რომელიც ამჟამად ჩვეულებრივი სიგარეტის ანალოგიურია.

ამგვარი მიდგომა კი თავის მხრივ ეფუძნება არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას, სადაც თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკისთვის თამბაქოს ალტერნატიულ და არაწვად პროდუქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ.

ამ საკანონმდებლო ინიციატივის კიდევ ერთი ნაწილი “სტანდარტიზებული შეფუთვის” საკითხებს ეხებოდა. “სტანდარტიზებული შეფუთვა” არის ნორმა, რომლის შედეგადაც ბაზარზე არსებული ყველა დასახელების თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა ხდება ბრენდის ნიშნების გარეშე და ყველა კატეგორიის პროდუქტი ერთნაირად არის შეფუთული. საქართველოში ეს მოთხოვნა 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა BAG-ის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, მისი 2025 წლის პირველ იანვრამდე გადავადება იყო განსაზღვრული.