მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად მოვა კომიტეტის სხდომაზე - თალაკვაძე კობერიძეს

5e4ba10575824
ინგა მურუსიძე
18.02.20 12:17
857
ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად მოვა კომიტეტის სხდომაზე, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარეს, ლევან კობერიძეს.

„რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტს აქვს ზედამხედველობის კალენდარი და ყველა მინისტრს, წელიწადში ერთხელ ვუსმენთ. თქვენ ბიუროზე დააყენეთ საკითხი და მე დაგპირდით, რომ ის იქნებოდა პირველი, ვინც მოვიდოდა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში. მე ვერ მოვისმინე თქვენი კითხვები და დებატები ჯანდაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როცა საქმე ეხება კომიტეტზე მინისტრის მოასვლას, მე გავეცანი მის პასუხს და ვფიქრობ, იქ არის არგუმენტები რატომაც მინისტრი ამბობს, რატომ ვერ მოდის.

არგუმენტები, რომელიც წერილში არის მოცემული, საკმაოდ საფუძვლიანია. ის აცხადებს, რომ თქვენს მიერ დაინტერესებულ საკითხთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის და მონაცემების წარმოდგენისთვის მას სჭირდება გარკვეული დრო. როგორც ვნახე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ის, რომ ჩაერთოთ იმ რეფორმების ჯგუფების მუშაობაში, რომელიც სამინისტროში არის წარმოდგენილი. თქვენ ეთანხმებით თუ არა ალტერნატიულ შემოთავაზებას ვადაზე, ეს თქვენი უფლებაა და რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თუმცა გეტყვით, რომ მინისტრი კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაზეც თავის მხრივ, ლევან კობერიძემ უპასუხა, რომ თალაკვაძეს თავისი გამოსვლით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოუვიდა.

„არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. მინისტრის საათი არის აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატი, იქ მინისტრს ისედაც აქვს ვალდებულება, რომ პარლამენტში მოვიდეს ფრაქციის დაბარების გარეშე. ვადასტურებ, რომ ნამდვილად როგორც თქვით, ეკატერინე ტიკარაძე იყო პირველი მინისტრი, რომელიც მოვიდა სხდომაზე, ასეც იყო, რადგან ეს სხვა ფორმატია და არ არის ის, რაზეც მე ვსაუბრობ.

ნუ ეცდებით, რომ მინისტრის საათის ფარგლებში თავზე ხელი გადაუსვათ ეკატერინე ტიკარაძეს და მოეფეროთ მას. მგონი, რომ ყველა უნდა უფრთხილდებოდეთ და ჩვენ თვითონ არ უნდა დავაპატარაოთ პარლამენტის ფუნქცია. მინისტრები აქ უნდა მოდიოდნენ. ის, რაც თქვენ თქვით, არ გამოგივიდათ სიმართლე. რადგან მინისტრმა დაარღვია ყველა ვადა. კანონში გარკვევით წერია, რომ ინიციატორთან, ანუ ჩვენთან შეთანხმებით უნდა მოხდეს პარლამენტში მოსვლის გადადება, მაგრამ არც ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა, ყველა ვადები დარღვეულია, ამ მოწერილი წერილისაც. გთხოვთ, რომ გაარკვიოთ კარგად, მინისტრმა დაარღვია რეგლამენტი. მოგიწოდებთ, რომ ეს საკითხი მკაცრად დააყენოთ მინისტრის და თქვენი პოლიტიკური გუნდის ირგვლივ“, - უპასუხა კობერიძემ თალაკვაძეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა რამდენიმე რეპლიკით მიმართეს ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ფრაქციის სხდომაზე მისვლის გადადება წერილით მოითხოვა.