მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: სასაზღვრო პუნქტებში მუშაობაზე უარი არც ერთ ექიმს არ უთქვამს

5e2eaa2f99e82
ინგა მურუსიძე
27.01.20 13:23
879
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ექიმები სასაზღვრო პუნქტებზე პაციენტების შემოწმებაზე უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ მათ შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ.

ტიკარაძე ამტკიცებს, რომ თუკი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდება, ექიმები შესაბამისი აღჭურვილობით მოემსახურებიან პაციენტებს.

„დღემდე ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შექმნილი საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია. ავიამიმოსვლა არის კონტროლ ქვეშ. გვაქვს ასევე ინფორმაცია ყველა ავიაკომპანიისგან, რომელიც საქართველოში ახორციელებს ფრენებს, ვიცით, რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან ახორციელებს ფრენას და შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომლის გატარებაც საჭირო იყო საქართველოს მხრიდან, გატარებულია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ექიმების ნაწილი უარს ამბობს აეროპორტსა და სხვა სასაზღვრო პუნქტებზე წასვლაზე, ვინაიდან მათ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, ტიკარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ პრესისგან გაიგო.

„ამის შესახებ მე გავიგე პრესისგან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღემდე არც ერთი ექიმის მხრიდან არ ყოფილა გაცხადებული უარი, რომ მათ გაეწიათ შესაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე. ექიმები დგანან არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ სახმელეთო და საზღვაო წერტილებზე. ჩვენ ექიმებს, ყველას დადებული გვაქვს ფიცი და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს. ზოგადად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არ ყოფილა რეკომენდაცია და მითითებები იმის შესახებ, რომ აერპორტებში მკაცრი რეგულაციები დაგვეწესებინა, თუმცა ამისთვის მზად ვართ და თუკი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდება, ექიმები პაციენტებს მოემსახურებიან სრული აღჭურვილობით“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის თქმითვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან  არ აქვთ რეკომენდაცია სავაჭრო ურთიერთობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით.