მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დევნილების აქციაში პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს

5da82c89f1c80
ლიკა გურაბანიძე
17.10.19 13:04
753
"არსებული დევნილი ოჯახებიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც თბილისში მისამართი საერთოდ არ გააჩნია", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დევნილების გაფიცვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

"ჯანდაცვის მინისტრი დევნილებს რამდენჯერმე შეხვდა. მე 12-ჯერ ჩავედი მათთან და ვთხოვე მოსულიყვნენ, რათა მათი პროცესები ინდივიდუალურ ჭრილში განგვეხილა.

არსებული დევნილი ოჯახებიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც თბილისში მისამართი საერთოდ არ გააჩნია. შესაბამისად, მათ ბინას ვერ გადავცემთ, თუმცა განმარტება მივეცით - წელსვე იწყება გორის, ხაშურის, ქუთაისის და სხვა რეგიონების მისამართით ბინების განაწილება. ჩვენ დევნილებს შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ განცხადების განხილვაში, თუმცა მათ განცხადებით ჯერ არ მოუმართავთ. გარდა ამისა, მათ სხვა პროექტებში მონაწილეობაც კიდევ ერთხელ შევთავაზეთ. მაგალითად, ეს არის იჯარით დაკმაყოფილება, ერთჯერადი დახმარების მიცემა და ასევე, რა თქმა უნდა, სოფლად სახლის პროექტი", - განმარტა წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილე არსებულ სიტუაციას, როგორც პოლიტიკურად მართულ პროცესს არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობის ფოიე და შესასვლელი კარვებითა და საძილე ტომრებით თითქმის ერთი თვის წინ დაიკავეს. ისინი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. წოწკოლაურის თქმითვე, ამ დროისთვის აქციაში მონაწილე ჯამში 40 მდე ოჯახი რჩება, საიდანაც 5 ოჯახზე მეტი თბილისში რეგისტრირებული არ არის, ხოლო 3-მა ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, 40 ოჯახიდან უმრავლეს მათგანს რეგიონებში ბინებით გადანაწილების განცხადება დაწერილი საერთოდ არ აქვს.